fbpx

საქართველოს ნაკრები: აღმასვლა გრძელდება


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

გასულ კვირას კატარის მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვმა 29-ს მიაღწია. კენჭისყრაც ჩატარდა და დარჩენილი სამი ადგილი შესაბამისად – B, D და E ჯგუფებში ივნისში შეივსება, როდესაც ფიფას და უეფას ვარაუდით, პლეიოფში მონაწილე სხვა გუნდებთან ერთად უკრაინის ნაკრებიც მზად იქნება შოტლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ.

მაშინ, როდესაც საფეხბურთო სამყარო კენჭისყრის შედეგების გაანალიზებითაა გართული, ფიფადან და უეფადან მოკვეთილ რუსეთში აზიის საფეხბურთო კონფედერაციაში გადანაცვლების შესახებ მსჯელობენ. 

თუმცა, დიდ საფეხბურთო ოჯახში დაბრუნების ასეთი გზა, ცხადია, რომ ჩანაფიქრის დონეზეც კი აბსურდულია და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული.   

ქართველ გულშემატკივრებს ნაკრების წარმატებული თამაშების ფონზე გუნდის გამოხატული ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი აინტერესებთ. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელი წინასწარი მოლაპარაკებით სამი თვით ბათუმის „დინამოში“ დარჩება. მაგრამ მერე რას უნდა ველოდოთ? 

ფეხბურთელის უკეთესი მომავლისთვის აუცილებლად უნდა გამოირიცხოს მისი „რუბინში“ ან, ზოგადად, რუსეთში დაბრუნება. 

იმაზე ფიქრიც კი უნდა გვზარავდეს, რომ ხვიჩა კვლავ აღმოჩნდება ისეთ საფეხბურთო გარემოში, სადაც მწვრთნელები და ფეხბურთელები, თუნდაც დუმილით, მხარდაჭერას უცხადებენ საკუთარი ქვეყნის ინტერვენციას უკრაინაში. 

კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან გასვლაზე მატჩი ფრედ – 0:0 დაასრულა და ზედიზედ ოთხ მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო. ასეთი რამ კი შესანიშნავი მეკარეებით დაკომპლექტებული, თავდაჯერებული  გუნდების ხვედრია!

აქედან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრები ნებისმიერ შემთხვევაში ნაკრებისგან მხოლოდ მოგებას ელიან ივნისში დაგეგმილ ერთა ლიგის მატჩებში. 

შედეგის მისაღწევად ჩვენ გუნდს მაქსიმალური რაოდენობის ქულების დაგროვება პირველივე ტურებში მართებს და არა ბოლოს, როდესაც სატურნირო თვალსაზრისით უკვე დაგვიანებულია და ბევრი რამ გარკვეული.

ათი დღის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს, მაგრამ ანალოგიურ მდგომარეობაში იქნებიან სხვებიც. ამიტომ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად გადამწყვეტი იქნება მაღალი დონის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება.

გასული კვირა, თუკი U17-ის ჩეხებთან გამარჯვების შემდეგ შოტლანდიელებთან მარცხს და ელიტ რაუნდის მიღმა დარჩენას არ ჩავთვლით, შედეგიანი აღმოჩნდა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც. 

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა U19-მა ხორვატიის გუნდს მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო, მაგრამ გუნდმა ელიტ რაუნდში მოხვედრა პირველ ტურში რუმინეთთან ავადსახსენებელი მარცხის გამო ვერ შეძლო.

აშკარა პროგრესის გზაზე მყოფმა მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელმა რამაზ სვანაძის U21-მა კი  ინგლისის ნაკრებთან შარშან ანგარიშით 3:2 მოგების შემდეგ, ამჯერად ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთი დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს U21-მა ბოლო ოთხი მატჩიდან სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, რაც ევრო 2023-ზე გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს უნერგავს. 

ნაკრებში მისვლის შემდეგ მოგების სერია შეწყვიტა გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომლის გუნდიც გასვლაზე ამხანაგურ შეხვედრაში ფრეს (1:1) დასჯერდა ნიდერლანდების ნაკრებთან.

მთავარი კი ოფიციალური სანაკრებო მატჩები იყო. გაირკვა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ხუთივე აფრიკული ნაკრების ვინაობა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა სენეგალის და ეგვიპტის გუნდების საპასუხო მატჩი, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიაღწია.

ისევე როგორც აფრიკის თასის ფინალში, ამჯერადაც სენეგალელებმა იმარჯვეს და სადიო მანეს გადამწყვეტი პენალტით კატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. 

ეგვიპტელთა წარუმატებლობაში საკუთარი წვლილი გაიღო მუჰამედ სალაჰმაც, რომლის თავდაპირველი თერთმეტმეტრიანი ხარიხას გადასცდა.

საგულისხმოა, რომ აფრიკის თასის ფინალში სწორედ მას არ დასცალდა გადამწყვეტი პენალტის შესრულება. ამჟამინდელი სერია თითქოს იმ პაექრობის გაგრძელებად იქცა და ახლაც უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე აფრიკის ჩემპიონმა იმარჯვა.

2010 წლის 2 ივლისს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში მარცხის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის კარს კვლავ შეაღებს განის ნაკრები, რომელმაც ორი ფრედ ნათამაშევი მატჩის ჯამში მეტოქის მოედანზე გატანილი ბურთის წყალობით სძლია ნიგერიის ეროვნულ გუნდს. 

მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა ნაკრების გულშემატკივრებმა მასობრივი არეულობები მოაწყვეს როგორც სტადიონზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

უაღრესად დრამატული გამოდგა ალჟირის და კამერუნის ნაკრებების დაპირისპირება. შინ ანგარიშით 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, კამერუნელებმა გასვლაზე ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვეს და თამაში დამატებით დროში გადაიზარდა. 

შეხვედრის 118-ე წუთზე ალჟირელებმა წონასწორობა აღადგინეს და თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ სტუმრები, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიელთა იტალიელებთან ჩადენილი გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინეს და მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე, ფაქტობრივად უკანასკნელი დარტყმით გატანილი გოლის შედეგად მატჩის ბედი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტეს და ალჟირის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვეს.

კამერუნის, სენეგალის და განის ნაკრებების მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკის კონტინენტის ღირსებას ტუნისის და მაროკოს ეროვნული გუნდებიც დაიცავენ, რომლებმაც ორმატჩიან დუელში შესაბამისად –  კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და მალის სძლიეს.

სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში პარაგვაის ანგარიშით 2:0 დამარცხების შემდეგ, პერუს ნაკრებმა ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და პლეიოფში მონაწილეობის უფლება მიიღო, სადაც იგი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრ გადამწყვეტ მატჩში ავსტრალია-არაბთა გაერთიანებული საამიროების წყვილში გამარჯვებულ ნაკრებს 13 ან 14 ივნისს დოჰაში დაუპირისპირდება.

აფრიკის კონტინენტისგან განსხვავებით, ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი ორი საგზურის ბედი ერთმატჩიან დუელში გადაწყდა. ორივე დაპირისპირება ანგარიშით 2:0 დასრულდა.

იტალიის ნაკრების გამოგდების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ვეღარაფერი გააწყო პორტუგალიასთან გასვლით შეხვედრაში. 

რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში და მათი თანაგუნდელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ იტალიის სენსაციურად მძლეველი მეტოქის დამარცხება.

პოლონელებმა კი შვედებთან მატჩში საკუთარი კედლების, მტკიცე ნებისყოფის და სავარაუდოდ მეტი მონდომების ხარჯზე გაიმარჯვეს. ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის სასურველი იყო ასეთი შედეგი, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის დროშის ფერების სამკლავურიანი კაპიტნის – რობერტ ლევანდოვსკის ხილვა უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე მთელი შვედეთის ნაკრებისა.

უკრაინის დროშისფერების სამკლავური კი გასულ კვირას ჩატარებულ მატჩებში, „ბაიერნის“ და პოლონეთის ნაკრების ვარსკვლავ რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, საქართველოს ნაკრების გუნდის კაპიტან გურამ კაშიას ამშვენებდა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.