fbpx

„ნაპოლი“ და სხვები…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დიდი ხანია, ქართველ გულშემატკივრებს ისეთი სიხარული არ განუცდიათ ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან, როგორიც მათ გასულ კვირას „აიაქსის“ და „ნაპოლის“ მატჩის ცქერისას ელოდათ.

იტალიელებს ჯგუფში ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გუნდის წინააღმდეგ, თუნდაც ფრედ უნდა დაესრულებინათ მატჩი. 

მაგრამ „აიაქსის“ სარეკორდო ანგარიშით განადგურებას და თანაც „ამსტერდამ არენაზე“, ალბათ „ნაპოლის“ ყველაზე მგზნებარე ქომაგებიც კი არ ელოდნენ.

მასპინძლებმა მატჩის დასაწყისში შემთხვევითი ბურთი გაიტანეს, რის შემდეგაც მაყურებლებს თავი მხოლოდ უხეშობით და საკუთარ კარში გაშვებული ექვსი გოლით დაამახსოვრეს.

როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელია უკვე ახლოსაა გუნდში სტანდარტული სიტუაციების შესრულებასთან. მატჩის 33-ე წუთზე კუთხურიდან ზელინსკისგან  მიგორებული ბურთი სწორედ მან დაასვა თავზე დი ლორენცოს, რომელსაც ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია „ნაპოლის“ დაწინაურება.

იქამდე კი ხვიჩამ თანაგუნდელთა პირველ, ანგარიშის გამათანაბრებელ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც რასპადორიმ ასევე თავური დარტყმით დააგვირგვინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც იმავე რასპადორიმ ანგარიში 4:1-მდე გაზარდა, საბოლოოდ გამოაშკარავდა „აიაქსის“ ფეხბურთელთა სრული უუნარობა სტუმრების ტექნიკური ქმედებებისა და მახვილგონივრული კომბინაციების წინააღმდეგ.

მასპინძლები გაბოროტდნენ და ნადირობის ობიექტად, სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია აქციეს. 

საგულისხმოა, რომ მათ თავნებობაში ხელს უწყობდა არბიტრი, რომელმაც არაფრად ჩააგდო შეხვედრის 55-ე წუთზე ტადიჩის აშკარად უხეში თამაში ქართველი ფეხბურთელის მიმართ და მასპინძელთა კაპიტანი მოედნიდან ამ ეპიზოდიდან მხოლოდ 20 წუთის შემდეგ, მორიგი უხეშობის გამო მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევა.

ხვიჩამ კი მეტოქის კარში მეხუთე ბურთი ნატკენი ფეხით გაიტანა. ამ გოლით ქართველმა ფეხბურთელმა გარდა იმისა, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, „ნაპოლის“ მიერ „აიაქსის“ ისტორიულ განადგურებაში საკუთარი როლი სტატისტიკური თვალსაზრისითაც გაიმყარა.

„ნაპოლის“ მარცხენა გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე პირველი „ქართული გოლი“ ლევან კობიაშვილის გოლიდან 17 წლის პაუზის შემდეგ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას „აიაქსის“ ამჟამინდელ მწვრთნელ ალფრედ შროიდერთან ერთად, შავი დღე ამ კლუბის ყოფილ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰააგსაც გაუთენდა, რომლის „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ასევე ექვსი ბურთი გაუშვა „მანჩესტერ სიტისთან“ პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში.

ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ კი გოლი სამწუხაროდ, საკუთარ კარში, სწორედ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, ყოვლად უიმედო მატჩში გაიტანა.

უთანასწორო ბრძოლაში  გაიბრწყინა ერლინგ ჰალანდმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესრულებული „ჰეთთრიკის“ შემდეგ, ამჯერად „დუბლით“ დაკმაყოფილდა. 

პეპ გვარდიოლას გუნდის მსგავსად, ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა „ბაიერნმაც“. „პლზენთან“ „ცალი ფეხით“ მოგებულ მატჩში თავი ვეტერანმა ჩუპო-მოტინგმაც ისახელა, რომელმაც დამაგვირგვინებელი გოლით „ბაიერნის“ გულშემატკივრებს თითქოს შეატყობინა, რომ მისი „ჩამოწერა“ ჯერ კიდევ ნაადრევია და გუნდში სწორედ ისაა ლევანდოვსკის საქმის გამგრძელებელი…

აი ლევანდოვსკი კი ჯერჯერობით მნიშვნელოვანს ვერაფერს ქმნის თავის ახალ კლუბ „ბარსელონაში“. 

ერთი მხრივ, მას უკვე საკმაო რაოდენობის გოლები დაუგროვდა ესპანეთის ლა ლიგის მატჩებში და „პლზენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „ჰეთთრიკიც“ აქვს შესრულებული, მაგრამ, მეორე მხრივ, პოლონელმა ფორვარდმა ვერ შეძლო თავის გამოჩენა აქამდე ჩატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან  მატჩებში „ბაიერნის“ და „ინტერის“ წინააღმდეგ. 

„სან-სიროზე“ „რომასთან“ სერია A-ს მატჩში დამარცხების შემდეგ, მილანური კლუბი საკუთარი გულშემატკივრებისკენ მიმავალ გზას კიდევ კარგა ხნით მოიჭრიდა, თუკი „ბარსელონასთანაც“ წააგებდა და ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა.

ნამდვილი საფეხბურთო დრამა „ტიფოზებს“ მატჩის მიწურულს ელოდათ, როდესაც „ინტერის“ სასარგებლოდ 1:0-ის დროს, საკუთარ საჯარიმოში აშკარად ხელით თამაშის მიუხედავად, მისი ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანს გადაურჩნენ!

მასპინძელთა მწვრთნელ სიმონე ინძაგის სადავო ეპიზოდის გადამოწმების მომენტში სახეზე აშკარა უიმედობა აღბეჭდოდა, მაგრამ იტალიელები სასწაულებრივ იხსნა არბიტრმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ტელეეკრანთან არ მისულიყო და VAR-ის გადაწყვეტილებას დათანხმებოდა… 

გაჭირვებით მოპოვებული სამი ქულის წყალობით, „ინტერმა“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი მას მომდევნო ტურში, სწორედ „ბარსელონასთან“ ელის „კამპ ნოუზე“.

„ნაპოლის“ და „ინტერის“ მსგავსად, განვლილ ტურში იტალიურ კლუბთაგან გაიმარჯვა „იუვენტუსმაც“, მაგრამ პარალელურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენს“ და „ბენფიკას“ შორის დაფიქსირებული ფრე საგრძნობლად ამცირებს „ბებერი ქალბატონის“ მერვედფინალში გასვლის შანსს. 

რთულ მდგომარეობაშია „მილანიც“, რომელიც განვლილ ტურში „ჩელსიმ“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა. 

აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ სერია A-ს წარმომადგენელთაგან მერვედფინალში მხოლოდ „ნაპოლი“ ვიხილოთ. 

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სამი ტურის შემდეგ ტურნირზე ყველაზე მეტი – 13 ბურთი აქვს გატანილი და სანახაობრივი თვალსაზრისითაც იგი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.

ესპანელთაგან მერვედფინალში კი დანამდვილებით მხოლოდ მადრიდის „რეალს“ თუ ვიხილავთ, რომელიც „ნაპოლის“, „ბაიერნის“, „მანჩესტერ სიტის“ და „ბრიუგეს“ მსგავსად, უდანაკარგოდ ასპარეზობს.

აი „დორტმუნდის“ მიერ განადგურებული „სევილიას“ ბედი კი მადრიდის „ატლეტიკომაც“ შეიძლება გაიზიაროს, რომელსაც მერვედფინალში გასასვლელად უშეღავათო ბრძოლები ელის „პორტოსთან“ და „ლევერკუზენთან“ მატჩებში.  

აღტაცებას იწვევს ბელგიის ჩემპიონ „ბრიუგეს“ გამოსვლა, რომელიც შინ „ატლეტიკოსთან“ დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 მოგების შემდეგ, ერთბაშად სამ გუნდს ექვსი ქულით უსწრებს და მიუნხენის „ბაიერნის“ მსგავსად, საკუთარ კარს მშრალად ინახავს.

ჩვენთვის უმთავრესი კი, რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ ასპარეზობაა, რომელმაც უკვე სამი ტურის შემდეგ შეძლო „სიკვდილის ჯგუფში“ სამივე მეტოქის განადგურება და ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მონაწილეთაგან გატანილი და გაშვებული ბურთების საუკეთესო სხვაობის ჩვენება.

„აიაქსთან“ განმეორებით მატჩს „ნაპოლი“ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გამარჯვებით  შეხვდება. 

სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „კრემონეზეს“ ანგარიშით 4:1 დამარცხება სულაც არ ყოფილა იოლი და რომ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძალისხმევა, რომელმაც ამ მატჩის არაფრისმთქმელ პირველ ტაიმში პენალტი გამოიმუშავა, ხოლო მეორეში კი საგოლე გადაცემა შეასრულა, „ნაპოლი“ დიდი ალბათობით ფრეს დასჯერდებოდა და ცხრა ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ვერ ჩაუდგებოდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.