„თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ – გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში
28 თებერვალს თიბისი კონცეპტის გალერიაში გამოფენა – „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ გაიხსნა. გამოფენა დედაქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს. პროექტი, რომელიც თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრმა „უბანმა“ მოამზადა, დედაქალაქის გეოლოგიურ და ურბანულ იდენტობას ახალ, უფრო სიღრმისეულ პერსპექტივაში წარმოაჩენს.
თბილისის ორთოგონალური მოდელი და მეტეხის კლდის მოდელი, სილიკონის ნეგატივები, ფოტოები და ორი პანელი, რომელთაგან ერთზე თბილისის იზომეტრიული გამოსახულებებია ნაჩვენები, მეორეზე კი ფრაგმენტები ნინო ხარატიშვილის წიგნის L‘Ottava Vita (per Brilka)-ს – ეს ყველაფერი გასულ წელს „უბნის“ ორგანიზებით და იტალიელი არქიტექტორისა და თეორეტიკოსის რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარებული სემინარის ფარგლებში შეიქმნა. სემინარს რენატო რიცისთან ერთად მისი ასისტენტები – სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი ხელმძღვანელობდნენ.
“ვფიქრობ, რომ თბილისის ლანდშაფტის სამგანზომილებიანი, მკაცრი და მშრალი გეოგრაფიული გამოსახულება ნაშენი გარემოს გარეშე გვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ და გადავიაზროთ ის რელიეფი, რაზეც დავდივართ და, შესაბამისად ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ.
ამგვარი რეპრეზენტაცია ხელს გვიწყობს, რომ წავიკითხოთ და შევიგრძნოთ თბილისის დაფარული ფორმა. ეს მოდელები ასევე გვანახებს ქალაქის ისეთ პორტრეტს, რომელიც მილიონობით წლების წინ ჩამოყალიბდა.” – დავით ბროდსკი, თანადამფუძნებელი და პროექტის თანაკურატორი.
“ლანდშაფტის აღმოცენება”
გამოფენის კონცეფცია მის სათაურშიც უნდა ამოვიკითხოთ.
“მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სათაურის ეტიმოლოგია — Landschaft — “Land” — მიწა, ხმელეთი, “schaft” — სახე, იერი. “To rise” — ადგომა, ასვლა, აღმოცენება. ეს სიმბოლური სათაური ცოცხალ დინამიკურ პროცესთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად დავარქვით ინგლისურად “Risingland”, სადაც მოძრაობის ტრაექტორია ქვემოდან ზემოთ არის მიმართული, ეს ხელოვნური ამაღლების ჟესტია. ამ სათაურის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ ჩვენ ის ხელახალი დაბადების ან აღმოცენების აქტთან დავაკავშირეთ,” – დავით ბროდსკი.
ერთი შეხედვით მოულოდნელია (თუმცა ვიზუალურად შთამბეჭდავი) პანელზე დატანილი, ნინო ხარატიშვილის რომანიდან აღებული ფრაგმენტების ხილვა დედაქალაქის ლანდშაფტის მოდელების გვერდით, თუმცა რენატო რიცისთვის კავშირი ამ ორს შორის ერთ-ერთი საკვაძო მომენტი აღმოჩნდა პროექტზე მუშაობისას. რა კავშირია ერთი და იმავე ისტორიული და გეოლოგიური ლანდშაფტიდან აღმოცენებულ არქიტექტურასა და ლიტერატურას შორის? – რიცისთვის რომანის მთავარი პრესონაჟი რელიეფის დაუმორჩილებლობას განასახიერებს და თავად თბილისის ლანდშაფტის სიმბოლოა.
სემინარში, რომლის ფარგლებშიც ეს მოდელები მომზადდა, ასამდე ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა.
„მოხარული ვართ, რომ თიბისი კონცეპტის გალერეა ამ გამოფენის მასპინძელია და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერია მისი დასაწყისიდანვე. გალერეა ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა კურატორებსა და ორგანიზაციებთან – ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რათა სფეროში ჩამოყალიბდეს ძლიერი ურთიერთობები და კავშირები, და მოხდეს ცოდნისა და შესაძლებლობების გაზიარება.
ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებს საერთაშორისო გამოცდილებას ვუზიარებთ და ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურული გამოფენების ხელმისაწვდომობას ვზრდით. იმედი გვაქვს, გამოფენა კვლევის საგნადაც იქცევა და ახალ იდეებსაც გააჩენს.” – მარიამ წიქარიძე, თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი.
“მე რამდენადაც ვიცი მსგავსი მეთოდით თბილისის ლანდშაფტის მოდელი არ შექმნილა.
ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მომავალში ეს ნამუშევრები რომელიმე საჯარო სივრცეში პერმანენტულ კოლექციად განთავსდება.
… ამ პროგრამის მიზანი არ არის უბრალოდ მოდელის შექმნა, რომელიც უშეცდომოდაა დაბეჭდილი; არამედ მისი მიზანი, მუშაობის პროცესში რელიეფის მნიშვნელობის, მისი ფორმის და შინაგანი სამყაროს შეცნობა, უფრო სიღრმისეულად დანახვა, შეგრძნება და გადააზრებაა.” – დავით ბროდსკი.
თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
თიბისი კონცეპტის გალერეა კი ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. პროექტი „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ სწორედ იმ ინიციატივებს განეკუთვნება, რომლებიც ქალაქის კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებას ახალ მნიშვნელობას სძენს და ახალგაზრდა პროფესიონალებს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თავი მოუყაროს და წარადგინოს ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს შესახებ.
გამოფენა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
———
პარტნიორები
იტალიის საელჩო საქართველოში; კინოს სახლი; გრავიტა; იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი, NWDS; ვენეციის IUAV უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა)
განსაკუთრებული მადლობა Marsilio Editori-ს (იტალიური გამომცემლობა), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლას, ჯესი ვოგლერსა და მალხაზ ლეკვეიშვილს










