წერილი მათ ვინც თავისუფლების სიხარულს გვახსენებს – ბესო სოლომონაშვილი
სულ მერიდება ამ წერილის დაწერა, სულ მრცხვენია, იმიტომ რომ დღეს თქვენს გვერდით არ ვარ, იმიტომ რომ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, თქვენ იმ ადამიანებს მახსენებთ საქართველოს ისტორიიდან, ვის ზურგზეც მოვიდა დღემდე ეს ქვეყანა… პირამიდის წვერივით არიან ადამიანები, ვისაც ასე სასტიკად ებრძვის მტერი, პროპორციულად პირამიდის ძირი ძალიან მყარია… მართლა თქვენზე დგას დღეს საქართველოს ისტორია, თქვენს გაუტეხელობაზე… თქვენი გაუტეხელობა გვაძლევს ძალას და თქვენი გაუტეხელობის რცხვენიათ… დამერწმუნეთ მართლა რცხვენიათ კომფორმისტებს და ამიტომ ვერ არიან ასე ფრთებგაშლილი, თქვენი გაუტეხელობის ეშინიათ კოლაბორაციონისტებს და ამიტომ ვერ არიან მტრის დავალებების თავისუფლად შემსრულებლები… იმიტომ აკეთებენ და ლაპარაკობენ ამდენ სიგიჟეს და იხვეწებიან გვაღიარეთო, რადგან ზუსტად იციან თავისი ისტორიული დანაშაულის შესახებ და ცდილობენ ყველანაირად შენიღბონ შინაარსი და შენიღბონ, მაგრამ თქვენ (და მთელი პროტესტი) მათთვის სარკესავით ხართ სადაც თავის ნამდვილ სახეს ხედავენ, ამიტომ უნდათ ამ სარკის დალეწვა, – არ გამოუვათ.
ყველამ იცით ერთი უდიდესი პატრიოტი საქართველოს ისტორიისა, რომელსაც რუსები და შემდეგ ბოლშევიკები გულმოდგინედ მალავდნენ… ერეკლე მეორის შვილი იყო, ალექსანდრე ბატონიშვილი… 44 წელი გაუჩერებლად ებრძოდა რუსეთის იმპერიას და დღეს მაგ ისტორიული მახსოვრობით ვიბრძვით… სხვადასხვა ეპოქაში ბევრნი იყვნენ ასეთები და ამ გმირებმა უბრალოდ კი არ იბრძოლეს, მათ ქართველებისთვის დატოვეს ისტორიული მახსოვრობა, – საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, საქართველოს ბრძოლა ღირსეული სახელმწიფოსთვის, საქართველოს ბრძოლა უბრალოდ თავისუფლების ადამიანური სიხარულისთვის. მათ დატოვეს შეუგუებლობის მახსოვრობა… მათმა ბრძოლამ თავისუფლებიოს სიხარულის გენოკოდი ჩამოგვიყალიბა… სწორედ ამიტომ არსებობს ეს ქვეყანა, ამდენი მოღალატის და ნაძირლის ფონზე არსებობს და სულ იარსებებს, რადგან იმ მებრძოლებმა თავისუფლების სიხარულის გენი ჩადეს ჩვენს დნმ-ში, და თქვენ სწორედ ამ დნმ-ის მთავარი მატარებლები ხართ, რომელიც ყველაზე სასოწარკვეთილსაც და ყველაზე ნაძირალასაც კი მოსვენებას არ აძლევს… ისეთ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ ჩვენი მეზობელი, სამყაროს ბოლო ხუთი საუკუნის ყველაზე ბინძური იმპერიაა და ბედი არ გინდა, რომ მაინცდამაინც ჩვენი პირადი მტერია… ის ცალკე ამბავია, რატომ არ გავხდით ამ რეგიონში ჰეგემონები, მაგრამ ეს სხვა დროს.
ამ გენეტიკურ მახსოვრობას თქვენნაირი ხალხი ქმნის, თქვენნაირი გოგო-ბიჭები და კაცები და ქალები და ჩვენს გარშემო რაც არ უნდა ბევრი კომფორმისტი, კოლაბორაციონისტი და მოღალატე იყოს, ზუუსტად იცის რომ დამარცხებულია, ზუუსტად იცის, რომ არარაობაა და ამისგან გავეშებული, რომ ყველაფერი იკადრა, თავსლაფი გადაისხა, ჩაკლა თავის თავში ტავისუფლების სიხარული და მაინც ვერ გაჯობათ (ვერ გვაჯობა, ვერ აჯობა ქვეყანას). ეს აკეთებინებს იმ საშინელებებს, რაც პავლე ციციანოვმა გააკეთა, რასაც იმპერიის დროს იასე და ნიკო ფალავანდოვები და მათი მსგავსები აკეთებდნენ, იმ საშინელებებს რასაც სტალინი და ორჯონიკიძე და შულავერის კომიტეტი აკეთებდა… რასაც დღეს ეს კოლაბორაციონისტი გარეწრები აკეთებდნენ. ბევრი ეცადნენ გაექროთ სოლომონ დოდაშვილის, ფილადელფოს კიკნაძის სახელები, გაექროთ ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი. ილია მოკლეს, აკრძალეს და ბოლოს ისევ თვითონ მოუწიათ აღიარება, უბადრუკი მცდელობა იყო, საკუთარი თავის გაწმენდის, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ილია კი ილიად დარჩა. მათ სცადეს ამოებრუნებინათ ტერენტი გრანელის ბიოგრაფია. წაებილწათ ყველა, ვისიც სიკვდილამდე რცხვენოდათ. როდესაც ამ წერილის წერა დავიწყე მიხა ხელაშვილის დაბადების დღე დგებოდა, კაცი რომელსაც ვერაფრით მოერივნენ, მთელი რუსეთი დაახვიეს თავზე, თუ ვინმე გარშემო ნაძირალა იყო, ყველა მას ებრძოდა, ეცადნენ ამოეშანთათ მისი საქმის ხსოვნა, მის ლექსებს ხან ვაჟას აწერდნენ და ხან ხალხურს ეძახდნენ, მაგრამ ლექსები თვითონ ანათებდა დროში და ხალხში. მათ ისიც კი სცადეს, რომ მარო მაყაშვილის გმირობისთვის შინაარსი გამოეცალათ. ანწუხელიძის გამოსახულებაც კი წაშალეს, მარა რა მიიღეს? – უფრო ძლიერი მახსოვრობა და უფრო ძლიერი წინააღმდეგობა, თან იმასაც ხვდებიან, რომ სულ სხვა დროა და ვერაფრით ვეღარაფერს გააქრობენ, – ვერც სიცოცხლეს და ვერც სახელს, ვეღარც ისტორიას გადაწერენ და ამათ „ქართული ოცნება“ რომ ქვიათ, უბადრუკი კანონების მიღება დარჩათ ხელში, რომლითაც ვერავის აშინებენ და ის საწყალი მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე ცუდს თუ ვინმეს უკეთებენ, საკუთარ შთამომავლობას.
შეიძლება ყოველთვის გამარჯვებით არ დამთავრდეს კონკრეტული ბრძოლა, ის კი არა დროებითი მარცხითაც კი მთავრდება ხოლმე, რადგან ვებრძვით იმპერიას, პლანეტის სიმსივნეს, ყველა ხალხების და ქვეყნების პრობლემას და ასე ადვილი არ არის ამ მონსტრის დამარცხება, რომელიც ყველაფერს, ადამიანისთვის ყველაზე გაუგონარს კადრულობს. ალბათ ბევრი ერი ვერ გაუძლებდა… ისეთი ქართველებიც იყვნენ, რომლების წიგნებს წერდნენ ამაზე, – „როგორც დიდი თევზი, პატარას შეჭამს, ისე უნდა შეჭამოს დიდმა ერმა პატარაო, ასე შეგვჭამს რუსეთი და კარგიც იქნებაო“ – მაგრამ აი, ამ ბრძოლას ვერაფერი მოუხერხეს, ამ გენოკოდს, ამ თავისუფლების სიხარულს, თქვენ რომ ხართ მატარებელი და ჩვენ რომ მოგყვებით უკან. სრულიად შესაძლებელია თქვენს ადგილას ჩვენც აღმოვჩენილიყავით, მაგრამ რაღაც კრიტერიუმით შეგარჩიეს და ყოველ სასამართლო პროცესზე ვხედავ, რა არის ეს კრიტერიუმი… და მათ ყველაზე კარგად იციან რისი უნდა ეშინოდეთ, მაგრამ ის არ იციან რომ, რაც არ უნდა იძალადონ, რაც არ უნდა დაგვახვიონ თავისივე გამოზრდილი მაქციები, ამ გენოკოდს ვერ მოერევიან, რადგან წარმოდგენა არ აქვთ რა არის ეს გენოკოდი, არსებობაც არ იციან მისი. ათას სისულელეს გიგონებენ და გვიგონებენ, თუმცა ხომ არ გგონიათ არ სჯერათ ამ სისულელეების, რადგან თვითონ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება სამშობლოსთვის ციხეში ჩაჯდე და არანაირ შეთანხმებაზე არ წახვიდე მტერთან. როგორ შეიძლება, წვიმაში, თოვლში სიცხეში, ძალადობის ქვეშ, მაინც იდგე და იბრძოდე. შიმშილობდე, საყვარელ ოჯახს, საქმეს აკლდებოდე და თავი მაინც გადადებული გქონდეს, – ეს ვერაფრით წარმოუდგენიათ და ისიც ვერაფრით წარმოუდგენიათ, რომ საბოლოოდ მაინც დამარცხებულები არიან, იმიტომ რომ არ იციან გამარჯვების გენოკოდის არსებობა, იმიტომ რომ ის სიხარული ჩაკლეს თავის თავებში, თავისუფლება რომ ჰქვია. ეს მათ სისხლში საერთოდ არ არის, ან ძალიან მიუჩლუნგა იმ ნაძირალამ, სულში რომ უზით… თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ მთლად გამოფხეკილი არ აქვთ სინდისი, ადრე თუ გვიან შეაწუხებთ ეს ყველაფერი და მათაც ამოუხეთქავს ეს გენი, ამ ხალხსაც კი ახსოვს, რა შეუძლია ჩვენს გენს. აი, ამ გენის მუხტს ინარჩუნებთ და ვინარჩუნებთ ერთად, გენს რომელსაც შეუძლია გამარჯვება თავისუფლებისთვის, გამარჯვება თავისუფალი სამშობლოსთვის, გამარჯვება თავისუფალი საქართველოსთვის… გამარჯვება უბრალოს ადამიანური თავისუფლების სიხარულისთვის.
თავისუფლება სიყვარულით მოიპოვება, სიყვარული თავისუფლებაშია გულწრფელი და ჩვენი ბრძოლაც სიყვარულით ბრძოლაა, გულწრფელი ბრძოლაა თავისუფლებითვის.
ისე დალაგდა სამყარო, ხანდახან ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების სიხარული ავიწყდებათ და ეტყობა განგება საგანგებოდ არჩევს ხოლმე მათ, ვინც ადამიანებს თავისუფლების სიხარულს შეახსენებს.
ბესო სოლომანაშვილი
25 იანვარი, 2026
127 total views, 3 views today


