fbpx

El podemos – სოსო მეშველიანი


გააზიარე სტატია

 

„არ ვიცი საიდან დავიწყო“… – ხომ ხშირად გვესმის ეს ფრაზა – საუბრებიდან, ინტერვიუებიდან, ტელევიზიიდან – მეტწილად ზერელედ ნათქვამი, უბრალოდ, ისე, გაპრანჭულად. აი, მე კი მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო, რადგან არც კი მახსოვს, რამდენჯერ დავიწყე და თავი ვერ მოვაბი სათქმელს, თავში ისე მაქვს ყველაფერი არეული. არადა, წერა ასე თუ ისე მეხერხება. 

ახლაც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც ნაქსოვის დარღვევას ვცდილობ, მაგრამ პირი ვერ მოვუძებნე, თითქოს რამდენჯერაც ძაფი გამოვქაჩე, გაწყდა. გამოდის, დუმილის დარღვევაც არ ყოფილა ადვილი. მცირედი ხალისი რომ მაინც მქონდეს შერჩენილი, ვამჯობინებდი, ლექსი მომეწერა, მომეძღვნა… არ შემიძლია, სიტყვებს ვერ ვალაგებ… ზოგჯერ არსაიდან წამოსული რაღაც ხმა, სასიგნალო ნათურასავით წამიერად თუ გაანათებს მეხსიერების ბნელ ლაბირინთებში აქა-იქ შერჩენილ დაფლეთილ აზრებს, მაგრამ ისე უცებ ქრება, მოხელთებას ვერ ვასწრებ. 

ალბათ მოკლე შინაარსი ასეთი იქნებოდა: ბოლომდე ქაქში ჩაფლული სისტემა, როგორ აუშვებს ხოლმე ღამღამობით თავის სალაფავით დანაყრებულ, დაგეშილ ქოფაკებს და მიუსევს ქუჩაში მდგარ ახალგაზრდებს, ისინიც, გავეშებულები, ყველგან დასდევენ – ქუჩებში, ტროტუარზე, ჩიხებში… მერე კი ყრუ სტვენის ხმაზე დორბლიანი დინგების ლოკვით იკარგებიან სიბნელეში. ამ ქოფაკებზე ერთი განსაკუთრებულად დაგეშილი, თუმცა კომიკური „ბუწანკი“ (ასე ვეძახით სვანები უჯიშო ძაღლებს) გამახსენდა, უფრო სწორად, ამ არსებამ მეზობლის ძაღლი გამახსენა, ყოველთვის გაავებული რომ აწყდებოდა ეზოს შიგნიდან ღობეს, იფიქრებდი, რა კარგია, რომ მაღალი ღობეა, თორემ უეჭველი დამგლეჯდაო, სინამდვილეში კი, როგორც კი ჭიშკარს შეაღებდი, კუდამოძუებული წკავწკავით ძვრებოდა საქათმის ქვეშ. ზოგადად ასეთები არიან ამ სისტემის დამცველი „ბედოვლათები“ – ყველაზე სასაცილო და კომიკური, ზოგჯერ იმდენად, რაც არ უნდა უხამსობა ჩაიდინონ, სიბრაზის ნაცვლად სიბრალულის განცდა გეუფლება. 

ჩემზეც მოგიყვები, მოკლედ გეტყვი, მე ხომ ჩემს პირად ომში ვარ ჩაბმული თავიდანვე, თუმცა თავს არავის ვახვევ. ახლაც ასეა, ვდგები ჯანმრთელობა შერყეული, ვჯდები ხალხით სავსე ავტობუსში, მივდივარ მუშების სავსე ობიექტზე, სადაც ჩვენი თანამემამულეებიც ბლომად არიან, ზოგადად ჩემ გარშემო ბევრი ხალხი ირევა, მაგრამ ასეთი სრულყოფილი მაინც არასდროს ყოფილა ჩემი მარტოობა. აქ „ჩვენების“ უმრავლესობამ მორიელის როლი მოირგო, რომ გახსოვს სულხან საბას იგავ-არაკი – თავის მშველელ კუს რომ კბენს ზურგზე შემჯდარი და შხამავს, ასეა, ვინც ცარიელი მუცელი ამოუყორა, იმას ლანძღავენ. მეც დავიღალე, ასეთი უმადურობაც ხომ ერთგვარი ცოდვაა?! ამ „ჩვენს“ მეტისმეტად ქრისტიანებს ასე მარტივადაც ვერაფერი შევასმინე. 

საუბარს მოჰყვა და ერთი ამბავი გამახსენდა: ბილბაოში ასეთი „ბრიგადა“ შევიკრიბეთ – მე, ქრისტიანი ქართველი, კუბელი ათეისტი – ხორხიტო და ნიგერიელი მუსლიმი – ბაქარი. მოკლედ, ასე კარგად და თავისუფლად არასდროს მიგრძნია თავი, მათთან რომ ვგრძნობდი, ჩემიანებთანაც კი,  უკარგესი ბიჭები იყვნენ. ერთ დღეს ბაქარი მეუბნება: 

– გავიგე, ერთ კვირაში შენს ქვეყანაში მიდიხარ… 

– კი, მივდივარ! – ვეუბნები, ვუღიმი. 

– შენიც ვერ გავიგე, ან იქ გაჩერდი, ან აქ, რა ამბავია ეს ამდენი წადი-წამოდი! – იცინის.

 – შენ არ აპირებ წასვლას? ვკითხე, და უცებ ისე გადმომხედა, ებრაელი მოშიაშვილი გამახსენდა „თეთრი ბაირაღებიდან“, გოგოლი რომ ეუბნება, ისრაელში წადიო. ცალკე, ხორხიტოს ხარხარმა დამაბნია, მერე რომ სიცილით მითხრა: 

– ეს სად წამსვლელია, შე კაცო, ამათმა თვითნაკეთი ნავით გამოცურეს გიბრალტარის სრუტე და თექვსმეტი კაციდან მხოლოდ ამან და მისმა ბიძაშვილმა მოაღწიეს ნაპირამდე. 

არ ვიცი ეს ნამდვილად მართალი იყო თუ არა, თუმცა ბაქარის რეაქციიდან გამომდინარე, სიმართლეს ჰგავდა. რაღაცნაირად დაკარგულად აღვიქვი, არანაირი სამშობლოს განცდა… არადა, ჩემი ისტორიების მოსმენისას იქნებ აქეთ ვეცოდებოდი. 

მაინც რამხელა ბედნიერებაა, რომ სამშობლო გეგულება. როგორიც არის, ისეთიც რომ სიგიჟემდე გიყვარს და აგერ ერთი კაცის სტვენას აყოლილი მორუყრუყე ინდაურების გუნდი მე და ჩემისთანებს უსამშობლოებს გვეძახის. 

ასე რომ არ მიყვარდეს, ასეთების საზიაროს, იქნებ მართლა ჯობდეს საერთოდ არ მქონდეს… მოკლედ, ჯერ წერა მეზარებოდა და ახლა ვერ ვჩერდები. მინდა ყველას გამძლეობა გისურვოთ. 

„El podemos“ – როგორც ესპანელები იტყვიან.

136 total views, 18 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.