სამყარო ნიუ-იორკელის თვალით: სოლ სტაინბერგის გენიალური ილუსტრაცია
ავტორი: თაკო სონღულაშვილი
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გამოიყურება სამყარო თქვენს საკუთარ, ან სხვა ადამიანის გონებაში, რომელიც დარწმუნებულია, რომ პლანეტის ცენტრში ცხოვრობს?
ზუსტად 50 წლის წინ, 1976 წლის 29 მარტს, ჟურნალ The New Yorker-ის მკითხველმა ამ კითხვაზე სრულყოფილი ვიზუალური პასუხი მიიღო — ყდაზე გამოტანილი ილუსტრაცია სახელწოდებით „სამყაროს ხედი მე-9 ავენიუდან“ (View of the World from 9th Avenue) არ იყო უბრალოდ რუკა – ეს იყო მთელი ქალაქის ფსიქოლოგიური პორტრეტი: მანჰეტენელების მიერ ჰუდსონის მდინარის მიღმა არსებული ცხოვრების პროვინციული აღქმის პაროდია, შესრულებული სოლ სტაინბერგის მიერ.
ეს საკულტო გრაფიკული ნამუშევარი სატირული ილუსტრაციისა და ვიზუალური ფილოსოფიის შედევრად ითვლება. და იდეალური მაგალითია იმისა, თუ რატომ უწოდებდნენ სტაინბერგს ხშირად „მწერალს, რომელიც ხატავს“ – ის ქმნის ვიზუალურ სატირას და ამავდროულად, მის მიღმა, ღრმა სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომენტარს აკეთებს ადამიანურ პერსპექტივასა და ეგოცენტრიზმზე: თუ როგორ ანიჭებს ადამიანი უდიდეს მნიშვნელობას საკუთარ ლოკალურ სამყაროს და როგორ ამცირებს ან უგულებელყოფს ყველაფერს, რაც მისგან შორსაა.
ამიტომ როცა ვსაუბრობთ და ვწერთ სოლ სტაინბერგსა და მის ნამუშევრებზე, მნიშვნელოვანია, გავხსოვდეს:
სტაინბერგისთვის რუკა არა გეოგრაფიული გაზომვის სისტემა,
არამედ აზროვნების წესია.
რას გვიყვება სტაინბერგის რუკა?
ნიუ-იორკი (და კონკრეტულად მანჰეტენი) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტური ცენტრია, მაგრამ სტაინბერგის ილუსტრაცია დასცინის იმ ფაქტს, რომ თავად ნიუ-იორკელების აზროვნება უკიდურესად „პროვინციულია“.
ილუსტრაციაზე ნათლად ჩანს, რომ მათთვის ყველაფერი, რაც მათ საკუთარ ქუჩებს (მე-9 და მე-10 ავენიუებს) და ჰუდსონის მდინარეს (Hudson River) სცდება, უბრალო, ერთფეროვან და უმნიშვნელო სივრცედ იქცევა. მთელი ამერიკა – კანზას სიტი, ნებრასკა, ტეხასი თუ ლოს-ანჯელესი – ერთ დიდ, ცარიელ უდაბნოდაა აღქმული, ხოლო დანარჩენი მსოფლიო (ჩინეთი, იაპონია, რუსეთი) თითქმის შეუმჩნეველია.
ეს არის უნივერსალური ადამიანური თვისების გენიალური ვიზუალური მეტაფორა: როგორ ვანიჭებთ გადაჭარბებულ მნიშვნელობას საკუთარ ლოკალურ გარემოს და როგორ ვაკნინებთ ყველაფერს, რაც ჩვენს მიკროსამყაროს სცდება.
კულტურული გავლენა და ისტორიული პრეცედენტი
გამოქვეყნებისთანავე გარეკანი სენსაციად და პრე-ინტერნეტ ეპოქის ნამდვილ მიმად (meme) იქცა. კონცეფცია იმდენად უნივერსალური აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქალაქებმა მასიურად დაიწყეს საკუთარი ეგოცენტრული ვერსიების შექმნა.
ნამუშევრის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მან პოპ-კულტურაში საკუთარი სიცოცხლე დაიწყო. 1984 წელს კინოსტუდია Columbia Pictures-მა ფილმისთვის „მოსკოვი ჰუდსონზე“ ზუსტად იგივე სტილის პოსტერი შექმნა.
სტაინბერგმა საავტორო უფლებების დასაცავად იჩივლა და პროცესი მოიგო.
ვინ იყო სოლ სტაინბერგი: ილუსტრატორი თუ ვიზუალური ფილოსოფოსი?
სოლ სტაინბერგი (Saul Steinberg) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და უნიკალური ილუსტრატორია, მან დაამტკიცა, რომ ვიზუალურ ხელოვნებას შეუძლია ტექსტის მსგავსად გადმოსცეს რთული ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და სოციალური იდეები. სტაინბერგი არ ქმნიდა უბრალო ესთეტიკურ ნახატებს; მისი თითოეული ნამუშევარი, მარტივი და მინიმალისტური ხაზებით, წარმოადგენს ღრმა სატირულ კომენტარს ადამიანურ ბუნებაზე, ჩვენს აღქმასა და ეგოცენტრიზმზე.
დაიბადა რუმინეთში, ებრაულ ოჯახში. მოგვიანებით სასწავლებლად მილანში გაემგზავრა, სადაც არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. სწორედ აქედან მოდის მისი ხაზების ეს ფენომენალური სიზუსტე და სივრცის უნიკალური აღქმა.
1941 წელს, იტალიაში ანტისემიტური კანონების გამკაცრების გამო, იძულებული ხდება ამერიკაში გაიქცეს. აშშ-ის ვიზის მოლოდინში მან წელიწადი დომინიკელთა რესპუბლიკაში გაატარა, საიდანაც დაიწყო დისტანციურად ნახატების გაგზავნა The New Yorker-ისთვის – 1941 წლის 25 ოქტომბერს ქვეყნდება მისი პირველი ნახატი – „მაგრამ ის ნახევრად ადამიანია და ნახევრად ცხენი“ (“But it is half man and half horse”) – რასაც მომავალში ჟურნალთან მისი ლეგენდარული და ხანგრძლივი თანამშრომლობა მოჰყვება.
სტაინბერგმა თითქმის 60 წელი ითანამშრომლა ჟურნალთან, შექმნა 90-მდე გარეკანი და 1200-ზე მეტი შიდა ილუსტრაცია.
ირონიული ფინალი
სოლ სტაინბერგის შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ სიცოცხლის მიწურულს მან საკუთარი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი აღიზიანებდა. უფრო სწორად, აღიზიანებდა შედეგი – რომ ამ ერთმა სატირულმა ილუსტრაციამ მისი ბევრად უფრო ღრმა და ფილოსოფიური შემოქმედება სრულად დაჩრდილა, რის გამოც ფართო საზოგადოება მას ძირითადად მხოლოდ ამ ერთი სურათით იცნობდა.
მიუხედავად ავტორის ამგვარი დამოკიდებულებისა, „სამყაროს ხედი მე-9 ავენიუდან“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ვიზუალურ კომენტარად რჩება, რომელიც მუდმივად გვახსენებს (მე კი მესამედ), – რომ ნებისმიერი ადამიანისა თუ ქალაქის პერსპექტივა, რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრად სუბიექტური და ეგოცენტრულია.






