fbpx

ინვერსია/გეორგ ბაზელიცი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ამონაშვილი

ყველაფრის თავდაყირა დაყენება ზოგჯერ ხელოვნებაში უფრო მარტივია, ვიდრე ცხოვრებაში. ამ მოსაზრების ნათელ მაგალითად შეგვიძლია გეორგ ბაზელიცი მოვიყვანოთ, რომელიც დაიბადა 1938 წლის 23 იანვარს, გერმანიის ქალაქ Deutschbaselitz-ში. ი. იგი გახდა თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ავტორს საკმაოდ რთულ დროს მოუწია ცხოვრება, მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობაში, დამახინჯებულ  გარემოში და დასტრესილ საზოგადოებაში, რაც შემდგომში მის შემოქმედებაშიც აისახა. ბაზელიცის მხატვრობა უნდა გადავიაზროთ გერმანიის ისტორიულ კონტექსტში და უნდა გავიგოთ, როგორც ომის შემდგომი ეპისტემოლოგიური და თვითგამორკვევითი კრიზისის ნაწილი.

1956 წელს ხელოვანი ჩაირიცხა აღმოსავლეთ ბერლინის ხელოვნების აკადემიაში – „Hochschule für Bildende und Angewandte Kunst“-ში. თუმცა მალევე გარიცხეს „სოციო-პოლიტიკური უმწიფრობის“ მიზეზით, რაც რეალურად უკავშირდებოდა მის უარყოფით დამოკიდებულებას German Democratic Republic-ის სოციალისტური დოქტრინისადმი. 1957 წელს ბაზელიცმა სწავლა განაგრძო დასავლეთ ბერლინში, Hochschule der Künste-ში და იქვე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე Johanna Elke Kretzschmar. 

ბაზელიცის ბიოგრაფია მრავალმხრივი გამოცდილებებისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჰან ტრიერთან გადაკვეთა, რამაც გარკვეული როლი ითამაშა მისი მხატვრული ხედვის განვითარებაში. ტრიერის სახელოსნო აღიქმებოდა როგორც თავისუფალი, ექსპერიმენტული სივრცე, რომელიც უკავშირდებოდა ტაქიზმისა და Art Informel-ის აბსტრაქციებს, ის წარმოადგენდა ადგილს, სადაც ფერწერა განიხილებოდა არა როგორც ფორმის კონსტრუქცია, არამედ როგორც მოქმედება. ამავე პერიოდში იგი აქტიურად ეცნობოდა მოდერნისტული ხელოვნების თეორიებს. სწორედ ეს ინტელექტუალური და შემოქმედებითი გარემო გახდა მისი შემდგომი ინდივიდუალური სტილის განმსაზღვრელი. გავლენებზე საუბრისას შესაძლებელია აგრეთვე გავიხსენოთ გერმანული ექსპრესიონიზმის ჯგუფი Die Brücke, რომლის ესთეტიკურმა და იდეოლოგიურმა მემკვიდრეობამ თავისი კვალი დატოვა ბაზელიცის მხატვრულ აზროვნებაზე. ამგვარად, ხელოვანის ადრეული განვითარების პერიოდი ხასიათდება როგორც მრავალმხრივი გავლენების, ინტელექტუალური ძიებისა და ფორმალური ექსპერიმენტების ერთობლიობა.

ბაზელიცის შემოქმედება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება: ერთი მხრივ, იგი მუშაობს ფორმაზე, ფერსა და მხატვრულ სტრუქტურაზე, მეორე მხრივ კი მუდმივად ეხება ისტორიის, ომისა და კოლექტიური ტრავმის თემებს. 1960-იანი წლებიდან ბაზელიცი იწყებს მისი ყველაზე  ცნობილი ნამუშევრების შექმნას და გამოსახულების ამოტრიალებას. ეს მხოლოდ ფორმალური ექსპერიმენტი არ ყოფილა, არამედ იგი მიზნად ისახავდა სიუჟეტისა და შინაარსისგან დისტანცირებას, რათა მაყურებლის ყურადღება მთლიანად ფერზე, ფიგურასა და მხატვრულ აქტზე გადაეტანა. მხატვრის ინდივიდუალური ხელწერის ამოსაცნობად, ყველაზე დამაჯერებელ მინიშნებას სწორედ ეს ნამუშევრები გვაძლევს. 

„ხედში რაღაც გაღიზიანება იგრძნობა და ეს განზრახ ხდება. როდესაც გაღიზიანებული ხარ, ყურადღებით აკვირდები.“ – გეორგ ბაზელიცი

ერთ-ერთი სერია კი, რომლის სახელწოდებაცაა Helden/გმირები, მოიცავს დიდი ფორმატის ნამუშევრებს. მასზე გამოსახული ფიგურები თითქოს უარყოფენ მესამე რაიხის და აღმოსავლეთ გერმანიის ილუზორულ და მეგალომანიურ იდეალებს თავისი გაპარტახებული, დამტვრეული და დაზიანებული გარეგნობებით. “გმირი” გამოსახულებაში ჩანს მარტოდ მყოფი უშინაარსო პეიზაჟში, დაფლეთილი სამოსით, შიშველი ფეხებით და უცნაური ჟესტებით.  ხელოვანი მნახველს ართმევს გმირის მიმზიდველად აღქმის უფლებას და მას წარმოადგენს, როგორც ანტი-გმირს. აქ “გმირი” აღარ არის ძალაუფლების ან გამარჯვების სიმბოლო, არამედ ის არის დაღლილობისა და დეზორიენტაციის ფიგურა. ამ თვალსაზრისით, სერია წარმოადგენს კრიტიკას როგორც ისტორიული მეხსიერების, ისე იმ ვიზუალური ენის მიმართ, რომელიც ამ მეხსიერებას ოდესღაც ამყარებდა. 

1969 წლის დასაწყისში კი ავტორმა შექმნა დიდი ფორმატის ნამუშევარი „Woodmen“. ის იყო ნაწილი სერიის, სახელწოდებით  „Fractures“, რომელშიც ფიგურა აღარ არსებობს როგორც ერთიანი სხეული. გამოსახულებები შედგებოდა გატეხილი, ერთმანეთთან არასრულად დაკავშირებული ფორმებისგან.  პერსონაჟებს დაკარგული აქვთ ნორმალური ადამიანის იერსახე, მათი სხეული შეცვლილი, დეფორმირებული და დამახინჯებულია, მათი სამოსი დაფლეთილია და ისინი ტოვებენ ნაომარი ადამიანების შთაბეჭდილებას, რომლებსაც სხვადასხვა კიდურები აქვთ დაზიანებული, ან მთლიანად არიან განადგურებულები. ამავე დროს, საღებავის სქელი ფენა, უხეში ტექსტურა და ფუნჯის ხილული მოძრაობები თითქოს ტილოს აქცევს ბრძოლის სივრცედ. აქ ჟესტი აღარ არის ექსპრესია კლასიკური გაგებით, არამედ იგი ხდება დესტრუქციის მექანიზმი. 

ავტორის სკულპტურული პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურდება 1970-იანი წლების ბოლოს, ატარებს იმავე დაძაბულობას, რაც მის ფერწერაში გვხვდება: ფრაგმენტაცია, ინვერსია, ისტორიული სიმძიმე და საზოგადო წარმოდგენების მიმართ უნდობლობა. თუმცა სკულპტურაში ეს თემები უფრო ფიზიკური, უფრო უშუალო და კონფრონტაციული ხდება. ნამუშევრები ძირითადად ხეშია გამოკვეთილი, რომელზე მუშაობის პროცესშიც ავტორი ირჩევს მის დაუმუშავებლობას, ამის შედეგად კი იღებს უხეშ ფაქტურას და ამძაფრებს მაყურებლის ხედვის სიმძიმეს, რომელიც დაკავშირებულია ფიგურის დეფორმირებულ ხასიათთან. 

ამიტომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 2026 წლის 30 აპრილის შემდეგ ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ ჰყავს. 

 

79 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.