ცოტა რამ „პრემია ელისოზე“ და მის გარშემო
ავტორი: დავით დავითიანი
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2024 წელს შეიქმნა, თანამედროვე ქართული კინოსთვის ალბათ ყველაზე რთულ დროს. რთულ დროში შემოქმედებითი კრიზისი კი არა, მისი გარემო იგულისხმება – გნებავთ, ეკოსისტემა ვუწოდოთ.
სანამ პრემიისა და ნატო ვაჩნაძის ფონდის დაარსებაზე, მის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე ვისაუბრებდე და ჩემს აზრს გეტყოდეთ, მოკლედ მოგიყვებით იმაზე, რაც ამ პერიოდში ხდებოდა და რამაც მნიშვნელოვანი გახადა აბსოლუტურად ყველა სიახლე ქართულ კინოში – შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი
2024 წელი უკვე ის პერიოდია, როდესაც კინემატოგრაფისტების დიდი ნაწილი ქვეყანაში მთავარ დამფინანსებელ კინოინსტიტუციას, ეროვნულ კინოცენტრს, ბოიკოტს უცხადებს. ბოიკოტი იმ უნდობლობას ეფუძნება, რომელიც ფილმების პირდაპირ ცენზურას თუ ირიბ „დამალვას“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და პირველი რეორგანიზაციის სახელით განხორციელებულ საკადრო წმენდას მოჰყვა. დაუსაბუთებლად განთავისუფლებული ადამიანების ნაწილის დათხოვნა, მართალია, სასამართლომ ბათილად ცნო, თუმცა ამ დროს ინსტიტუციაშიც და მის გარეთაც ყველაფერი უკვე შეცვლილი იყო.
ის დროა, როდესაც აჩერებენ ყველა პროექტს, რომლის დანიშნულებაც ისედაც მყიფე ქართული კინოინდუსტრიის ერთმანეთთან დაკავშირება და ჯაჭვის დაკარგული რგოლების შევსებაა. ასეთი იყო, მაგალითად, ბაკურიანის კინოფორუმი კინო პროფესიონალებისთვის, პროექტები: „კინო სკოლაში“, „წერე ქართულ კინოზე“ და ისეთი დიდი კინოფესტივალიც კი, როგორიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელსაც უკვე მიღებული დაფინანსების ნახევარი გაუჩერდა და თუკი პრაქტიკულად ფესტივალი დღემდე შენარჩუნებულია, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე. ამ ყველაფერთან ერთად, გაქრა კინოსა და ხელოვანთათვის ხელმისაწვდომი გარემოც – კინოცენტრიც და სხვა სახელოვნებო ინსტიტუციების კარიც დაიხურა; შესაბამისად, კოპროდუქციებისა და რომ აღარაფერი ვთქვათ საზღვარგარეთ ფილმების მოხვედრაზე, თანადაფინანსების მოპოვების გზებიც კი მოესპოთ ხელოვანებს.
სწორედ ამ დროს არსდება საქართველოში ერთადერთი კინოდაჯილდოება „ელისო“, თანაც სიმბოლურ ადგილას – გურჯაანში, 1981 წელს გახსნილ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, რომელიცძმების − გიორგი, ელდარ შენგელაიების და თენგიზ ვაჩნაძის ინიციატივით გაიხსნა, სივრცის მოწყობაში კი სხვებთან ერთად, სერგო ფარაჯანოვი დახმარებიათ. ეს ისედაც სიმბოლური სივრცე კიდევ უფრო სიმბოლური ხდება მთელი თავისი ისტორიით, რომელსაც სახლ-მუზეუმი შესვლისთანავე გვიყვება. ეს არის გაცოცხლებული მოგონებები, რომელიც სხვადასხვა დროში მოგზაურობას ჰგავს და ეს დრო ყოველთვის ერთმანეთზე უფრო მძიმე და ახლობელია. ამ მოგონებებს და ისტორიებს 2024 წლიდან ახლებიც დაემატა და დღევანდელი პერსპექტივით ეს სივრცეც მეტად სხვანაირია, ვიდრე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი კიდევ ერთხელ გამოაცოცხლებდა ამ მიმალულ მემატიანეს.
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი კიდევ ერთ „ღირსშესანიშნაობას“ მალავს. დღეს რეგიონებში კინოთეატრის არსებობა სწორედ რომ ღირსშესანიშნაობაა. სახლ-მუზეუმის ეზოში ერთი ძალიან მყუდრო, მცირე ზომის კინოთეატრის ნახვა, ალბათ მოგანდომებთ კიდეც მეტი აქტიური, მოქმედი კინოთეატრის არსებობას; შეიძლება ისიც გაგახსენოთ, რომ ქვეყანაში კინოთეატრები სულ უფრო და უფრო ცოტა გვაქვს და მისი გურჯაანში ნახვა იმასაც გაგახსენებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მატერიალურად შემონახული, ჯერ კიდევ ფუნქციური ისტორია. ეს ყველაფერი კი იმის პარალელურად, რომ ძველი კინოთეატრები მთელი საქართველოს მასშტაბით უჩინარდება, ნადგურდება, ზოგიც ყიდვა-გაყიდვის გვერდზე შეიძლება შეგვხვდეს, როგორც მოგონებებისგან დაცლილი საყოფაცხოვრებო ნივთი, როგორც, მაგალითად, კინოთეატრი „აპოლო“ – „მაიმარკეტზე“. ვინ იცის, იქნებ აქ მოსვლამ კინოთეატრ „რუსთაველში“ თქვენი ბავშვობის ან ახალგაზრდობის მოგონებებიც გაგიცოცხლოთ, რომელიც დღეს თანამედროვე რემონტით და გამჭვირვალე შუშებით იწონებს თავს და რომლის მიღმაც კინოთეატრის დანახვას თუ მოინდომებთ, მხოლოდ უძრავი ქონებით დაუღალავ ვაჭრობას დაინახავთ.
ერთი სიტყვით, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი კიდევ ერთხელ „გაცოცხლდა“. გაცოცხლდა რთულ დროს, მძიმე გამოწვევებით, ისევე როგორც საქართველოსთვის მძიმე დროს გამოჩნდა თავად ნატო ვაჩნაძეც – პირველი ქართველი კინოვარსკვლავი, რომელიც სიმბოლო იყო იმ ყველაფრის, რასაც დღეს კინოდაჯილდოება „ელისო“ ისახავს მიზნად. ეს მიზანი კი ერთი შეხედვით მარტივია – არ დაიკარგოს მათი ხმები, ვინც ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში უმნიშვნელოვანეს საქმეს ჩრდილში, კულისებს მიღმა ქვეყნისა და ხელოვნების სიყვარულით აკეთებს; ვინც მძიმე, შესაძლოა, ნატოსავით ფიზიკური შრომით ახერხებს, რომ კვლავ უყვარდეს თავისი საქმე და ყველანაირი ბარიერების მიუხედავად, ჯიუტად გააგრძელოს მისი კეთება და ვინც იცის, რომ კარგი ფილმის უკან არასდროს დგას მხოლოდ ერთი ადამიანი.
კარგად მახსოვს, როცა ამ პერიოდში ფონდისა და დაჯილდოების სულისჩამდგმელი ნატალია ჯუღელი მოულოდნელად შემხვდა, იმდენად არ ველოდი მის დანახვას, რომ მისი აქ ყოფნა თავიდან ვერც კი აღვიქვი. თუმცა მერე გამახსენდა, რამდენად რთულია ემიგრანტისთვის უყურებდე შორიდან შენს ქვეყანაში გამეფებულ ჩაგვრასა და უსამართლობას, წლების ნაშრომს, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ქრება და აცნობიერებდე, რამდენი წლის შრომა დასჭირდება ისევ იმ წერტილამდე მისვლას და მისი ნახვაც გასაგები გახდა. გამახსენდა, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, ჯერ ახალგაზრდა ვარ, რაც დრო გადის, ჩემი ემიგრანტი მეგობრების რიცხვი თანდათან იზრდება. არადა, ადრე ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა – რა როლში აღარ წარმოვიდგენდი ხოლმე მათ, ვფიქრობდი იმაზე, რას გავაკეთებდით ერთად, როგორ მოვახერხებდით ამ უამრავი იდეის ხორცშესხმას, რაც თავში გვქონდა. აბა სად უნდა წაგვეღო ამდენი ენერგია და აზრები, მისწრაფებები… ჩემს ემიგრანტ მეგობრებს ახლა ძირითადად სურათებში და იშვიათად, პირადადაც ვნახულობ. მათ ერთი საერთო აქვთ – გამომეტყველება, რომელშიც ერთდროულად ვხედავ ხოლმე იმედგაცრუებას, მონატრებას, სევდასა და იმედს. იმ დღეს ნატალია ასეთი არ მომეჩვენა – თავისი გეგმები გამიზიარა, ერთმანეთს ამ საქმის მნიშვნელობა გავახსენეთ, ისიც ვახსენეთ, რომ თუ საქართველოში კინოინდუსტრიაში მუშაობა აირჩიე, განწირული ხარ საყვარელი საქმის ენთუზიაზმით კეთებისთვის – თან მაინც გაუგებრად გახარებული და აღტაცებული. სულ მალე საქმესაც შეუდგა და მიზანი შედეგად აქცია.
ოჯახთან ერთად დააარსა ნატო ვაჩნაძის ფონდი, კინოდაჯილდოებას კი „ელისო“ დაარქვეს, რომელსაც არა მხოლოდ პირველ ქართულ ფემინისტურ ფილმად მოიხსენიებენ, არამედ ხშირად ქართულ კინოზე საუბრისას სწორედ ეს ფილმი ახსენდებათ.
აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი გარემოებაა, რომელიც ამ კინოდაჯილდოებას განსაკუთრებულ იდეას სძენს, ეს ოჯახის ისტორიაა. მართალია, დიდი კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე აქ მთავარ გმირად გვევლინება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იმ მითებთან და წარმოდგენებთან ბრძოლაა, რაც ალბათ ყველა კინოვარსკვლავსა თუ მნიშვნელოვან ფიგურას გამოუცდია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის ქალი იქნებოდა. კინოვარსკვლავების გასაგნება ყველგან ხდებოდა, ჩვენთანაც და სხვაგანაც. ეკრანიდან მომზირალ ამ ქალებზე უამრავ რაიმეს მოისმენდით მათი პირადი ცხოვრების, შემოქმედების, როლებისა და განვლილი გზის შესახებ. ამ დროს ეს ადამიანი თითქოს საგანია, თოჯინა, რომელსაც სხვადასხვა სამოსს არგებენ, სხვადასხვა ინტერიერში სვამენ და მათზე ამბებს თხზავენ. სამაგიეროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი პირველი კინოვარსკვლავი ქალი მემონტაჟეც იყო, რეჟისორის ასისტენტიც, პიონერ რეჟისორ და მემონტაჟე ესთერ შუბთანაც მუშაობდა და ერთმანეთის დიდი თანამოაზრეები საბჭოთა პიონერებიც იყვნენ თავიანთი მრავალმხრივი როლით კინოს განვითარებაში.
თანამედროვე ქართული კინოც ასეა, ყველა ყველაფერს აკეთებს. გამნათებელი ზოგჯერ ხმის ოპერატორია, მემონტაჟე – მხატვარი, რეჟისორი – პროდიუსერი, კომპოზიტორი – სცენარისტი და მსახიობი – რეჟისორი. ასე ხდება მცირე ინდუსტრიებში, ასეა ზოგადად, ხელოვნებაშიც – საბოლოო ქმნილების უკან უამრავი ადამიანი დგას. დღეს კი, ქართულ კინოს ისე სჭირდება ამ ადამიანების ხმის გაგონება, როგორც არასდროს. კინოში ხომ უამრავი საქმე და პროფესია, თვითგამოხატვის საშუალება, საკუთარი ნაშრომის წარმოჩენისა და სიახლის შექმნის გზა არსებობს. უბრალოდ ზოგჯერ ეს არ გვახსოვს; არ გვახსოვს, რომ კინო და მხატვრობა ხშირად ერთიანი სრულფასოვანი ქსოვილია, გამოსახულება და მუსიკა თხრობის ერთიანობა, დრამატურგია და სამსახიობო ოსტატობა – წარუშლელი მოგონება, კარგი განათება და პოსტ-პროდუქცია ყველა ზემო ჩამოთვლილთან ერთად კი – სრულყოფილი მიზანსცენა.
სამი წლის თავზე „ელისო“ – არაერთ მნიშვნელოვან კატეგორიას აღნიშნავს – საუკეთესო ფილმს, მსახიობს, რეჟისორს, მონტაჟს, კინომუსიკას. ალბათ არაერთიც დაემატება დროთა განმავლობაში. თუმცა დღეს, როდესაც ქართული კინოს ინდუსტრია სრულიად პოლარიზებულია, როდესაც პროფესიული კრიტიკა თითქმის გამქრალია, რადგან ადგილობრივი და გლობალური დისტრიბუცია მძიმე მდგომარეობაში გვაქვს, მაშინ ვისთვის უნდა იყოს კრიტიკა? სად უნდა გაჩნდეს აკადემიური კრიტიკის სივრცე და მნიშვნელობა? როდესაც კინემატოგრაფისტები ფილმების გადასაღებად სახსრებს ვერ შოულობენ და გამოსავლად მხოლოდ კონიუნქტურასთან დაქვემდებარების იძულებითი გზა რჩებათ ან საზღვრებს გარეთ რაიმე სახსრების ძიება; როდესაც სახელოვნებო სივრცეები თანდათან გაქრობის პირასაა და ქვეყანაში სულ უფრო ცოტა ადგილი რჩება ხელოვანების შეკრებისა და გამოცდილებების, საჭიროებების გაზიარებისათვის ან სულაც საჭიროებებს რომ თავი დავანებოთ, თითზე ჩამოსათვლელია ასეთი სივრცეები და არც აღარავის ახსოვს, რომ ეს ადამიანები, ხანგრძლივი მზადებისა და მონური შრომის შემდეგ, თუნდაც აღნიშვნითაც დიდ მუხტს შეიძლება იღებდნენ. ამ მოცემულობაში კინოდაჯილდოება „ელისო“ სწორედ ჟანგბადის წყაროდ შეიძლება იქცეს ქართული კინოინდუსტრიისთვის – მომიჯნავე პროფესიების დამაკავშირებელ რგოლად და დღევანდელ კინოში სიცარიელეების ამომვსებ სივრცედ, სადაც ხელოვანები, თუნდაც ცოტა ხნით დაივიწყებენ მძიმე ყოველდღიურობას, მოიხსნიან მუდმივი ბრძოლის დაძაბულობას, გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ხედვებს, აღნიშნავენ ერთმანეთის შემოქმედებას და გააცნობენ ქართულ კინოს საერთაშორისო ჟიურის, ხელოვანებს, როგორებიც არიან – კარლოს რეიგადასი, აგნეშკა ჰოლანდი, ანგელა შანელეკი, ბაბაკ ჯალალი, ანჯელიკი პაპულია, ლეა გლობი, მალგორჟატა შუმოვსკა, ტომას ჰაკიმი. ხელოვანებს, რომლებმაც გასული სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს გამოავლინეს და გამოავლენენ გამარჯვებულებს ქართველ ხელოვანებთან ერთად, რომლებიც აქ არ ჩამომითვლია, რადგან ეს ადამიანები ისედაც კარგად იცნობენ თანამედროვე ქართულ კინოს და კინომოყვარულები კი – მათ.
სწორედ ამის გამო, უკვე მესამე წელია განსაკუთრებით ველოდები 14 ივნისს, იმ ერთ დღეს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში – დროის მემატიანესთან, რომელიც ყოველ წელს ქმნის ახალ დაუვიწყარ მოგონებებს, ისეთს, რომელიც გახსენებს, რომ შენ გარშემო ადამიანების ხმა ისევ ისმის, ისევ არსებობს სახელოვნებო სივრცეები, სადაც უყვართ და პატივს სცემენ თავიანთ საქმესა და კოლეგებს; სივრცეს, სადაც ყოველწლიურად უნდა მივსულიყავი ჩემს ემიგრანტ და პოლიტპატიმარ მეგობრებთან ერთად, ან მათთან ერთად, ვინც დღე-დღეზე პატიმრობას მოელიან. 2024 წლიდან ჩემ გარშემო არაერთი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მეგობრები ციხეებში გამოკეტეს. სულ ახლახან სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანების განაჩენიც გავიგეთ – სამაგალითო, სახალხო დასჯა. მოექცნენ როგორც მძიმე, ცივსისხლიან დამნაშავეებს და წლობით გაიმეტეს გამოსაკეტად. ნატალიას მეგობარი და კოლეგა ანდრო ჭიჭინაძეც აქციების დროს დააკავეს, კანონით, რომელიც პროტესტში მონაწილე ადამიანების დასაპატიმრებლად შესწორდა და ჩაიწერა. დაიჭირეს მისი ის მეგობარი, რომელიც დღევანდელი კინოსა და მათ შორის „ელისოს“ განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამიერიდან ველი, რომ უახლოეს მომავალში ასეც იქნება და ეს თარიღი როგორც ჩემთვის, მათთვისაც სულ მალე გადაიქცევა შეკრების საყვარელ ადგილად. ბოლოს და ბოლოს, „ელისო“ ხომ არა მხოლოდ ქართული კინოს აღმასვლის, არამედ თავგანწირვის, ეროვნული ღირსებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.



