ნახევარფინალების წინა ფიქრები
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
უკვე ერთი თვეა, რაც მიმდინარე ომებისა და მშვიდობის თვალსაზრისით მდგომარეობის სამომავლო გაუარესების პერსპექტივის მიუხედავად, უდარდელი მსოფლიო საზოგადოებრიობა ფეხბურთით ცხოვრობს და ჩემპიონატიც გადამწყვეტ ფაზაში შედის.
როგორც ყოველთვის, ბევრს საუბრობენ მსაჯების შეცდომებზე, ამა თუ იმ ნაკრების „გაქაჩვის“ ტენდენციებზე, მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება, მეხსიერებაში მხოლოდ ჩემპიონი დარჩება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ფინალისტიც კი აღარავის ემახსოვრება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომელიც სამუდამო სამარცხვინო ლაქად დააჩნდება ფიფას, როგორც გლობალური მსოფლიო პოლიტიკის მმართველი ძალების ქვემძრომ ორგანიზაციას და არა დამოუკიდებელ სუბიექტს…
თურმე აშშ-ის პრეზიდენტი უკეთ ერკვევა ფეხბურთის წესებში, ვიდრე ფიფას მიერ ჩემპიონატზე მივლინებული მსაჯი. დონალდ ტრამპის ბრძანება აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის გაუქმების შესახებ, ფიფამ უყოყმანოდ შეასრულა, რასაც როგორც არ უნდა გავიკვირვოთ, მაინცდამაინც დიდი პროტესტი არ მოჰყოლია მსოფლიოს საფეხბურთო წრეებში. პრესაში იურგენ კლოპის გამონათქვამმა გაიჟღერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯანი ინფანტინოს ფეხბურთთან არაფერი ესაქმება…
ყველაზე უკეთესი კი ის იქნებოდა, რომ თვით აშშ-ის ნაკრების ხელმძღვანელობას დაეცვა როგორც საკუთარი, ისე ფიფას პრესტიჟი და მწვრთნელს არ გამოეშვა ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ წინა მატჩში აშკარა უხეშობისათვის მოედნიდან გაძევებული ფეხბურთელი.
მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ზნეობის აშკარა დეფიციტია როგორც პოლიტიკურ, ისე საფეხბურთო ველზე. უზნეობას კი, საბედნიეროდ, საუკეთესო პასუხი მოედანზე ბელგიის ნაკრებმა გასცა, რომელმაც ანგარიშით 4:1 გაანადგურა ჩემპიონატის მასპინძელი გუნდი.
აშშ-თან ერთად ჩემპიონატი მერვედფინალში სხვა მასპინძლებმა – მექსიკამ და კანადამაც დატოვეს, თუმცა მათი გავარდნა ვიღას ახსოვს, როდესაც ასევე მერვედფინალში თვით ბრაზილიის ნაკრები, ხოლო იქამდე კი გერმანია და ნიდერლანდებიც დაემშვიდობნენ ჩემპიონატს.
თუკი სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით და პენალტების სერიას ლატარიად არ მივიჩნევთ, ვნახავთ, რომ ნიდერლანდელებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ აჯობეს მეტოქეს – 2014 წელს კოსტა-რიკის ნაკრებს. სხვა შემთხვევებში კი ისინი ზედიზედ მარცხდებიან არგენტინელებთან თუ ბრაზილიელებთან. ამიტომ მაროკოსთან წარუმატებლობა ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.
სხვა საქმეა გერმანიის ნაკრები, რომელსაც აქამდე ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი მატჩი აქვს წაგებული მაშინდელ ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან ცნობილი „პანენკას პენალტით“. მაგრამ მაშინ მათ ერთი დარტყმა გააფუჭეს, ამჯერად კი სამი!
მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს ბუნდესნაკრების პირველი მარცხი იყო თერთმეტმეტრიანების სერიაში, ხოლო პარაგვაისთვის მეორე სერია ამ ტურნირზე. აქამდე მას იაპონია ჰყავდა დამარცხებული 2010 წელს.
პარაგვაი „კოპა ამერიკაზეც“ პენალტების სერიის უდავო რეკორდსმენია, რისი დამადასტურებელიც ზოგიერთ სხვა სამხრეთამერიკულ გუნდთან ერთად 2011 და 2015 წლებში თვით ბრაზილიის ნაკრების გამოგდებაა ამ ტურნირიდან.
საოცარი ნებისყოფით გამორჩეულმა გერმანელებმა ერთადერთი ტრადიცია არ დაარღვიეს ამ ჩემპიონატზე. კერძოდ, მარცხის შემდეგ არც ფეხბურთელებს და არც „ფანებს“ ტირილი არ დაუწყიათ სტადიონზე.
სამაგიეროდ ტრადიციულად უხვად ჰყარეს ცრემლები ბრაზილიელებმა, რომელთათვისაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა ისტორიაში.
რა მოხდა ნორვეგიელებთან მატჩში, მავან გულშემატკივრებს ეჭვიც რომ გაუჩნდათ, ბრაზილიის მუდმივი წარუმატებლობა ამ სკანდინავიურ ქვეყანასთან რაიმე ისტორიულ გარიგებას ხომ არ უნდა მიეწეროსო…
კონსპირაციის თეორია აქ ალბათ საკმაოდ უადგილოა, რადგან თუკი მოთამაშეების შესაძლებლობებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ნორვეგიელთა შემადგენლობა დღესდღეობით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონისას არაფრით ჩამოუვარდება, ერლინგ ჰალანდის დონის ვარსკვლავი კი ბრაზილიელებს უბრალოდ არც ჰყავთ.
ვერც კრიშტიანუ გავარსკვლავდა ამ ჩემპიონატზე, რომელმაც შესაძლოა პორტუგალიის ნაკრები გაწირა კიდეც თავისი იქ ყოფნით.
40 წლის ვეტერანს დათვური სამსახური უზბეკეთის ნაკრებმა გაუწია, რომელთანაც აეშალა კიდეც როგორც გოლების გატანის, ისე „დიდ ფეხბურთში დაბრუნებასთან“ დაკავშირებული უაზრო ინტერვიუების საღერღელი.
რონალდუ რასაც წარმოადგენდა ჩემპიონატზე, მალე ესპანელებთან მატჩში გამოჩნდა, რომელთანაც პორტუგალიამ პრაქტიკულად ისევე ათი კაცის შემადგენლობით ითამაშა, როგორც უზბეკეთის გამოკლებით იქამდე ჩატარებულ შეხვედრებში.
უბრალოდ საინტერესოა, რატომ წაიყვანა ნარცისიზმით შეპყრობილი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავი მწვრთნელმა მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატზე.
რონალდუსგან განსხვავებით, შესანიშნავია ლიონელ მესი, რომელიც მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად კიდევ ერთხელ დაისაკუთრებს ოქროს ბურთს.
მართალია, მესის ბოლო შეხვედრაში შვეიცარიელებთან გოლი არ გაუტანია, მაგრამ როგორც ყოველთვის, ის საკუთარი გუნდის აშკარა ლიდერი იყო და განაგებდა თამაშს როგორ მეტოქის, ისე საკუთარ ნახევარზეც, რადგან შვეიცარიელთათვის პირველი ბურთის გაშვებამდე მთავარი მიზანი არა გოლის გატანა, არამედ მისი მიმართულებით გაგზავნილი ნებისმიერი გრძელი გადაცემის უვნებელყოფა იყო.
ერთი მხრივ, არგენტინელებზე ამბობენ, რომ მათსავით მარტივი გზა ნახევარფინალამდე ამ ჩემპიონატზე არავის ჰქონია. მეორე მხრივ კი, აბა წარმოვიდგინოთ, როგორია ჩემპიონობის მოსაპოვებლად ზედიზედ ორ მატჩში ჯერ ინგლისელების, ხოლო შემდეგ ფრანგების ან ესპანელების დამარცხება?!
ნუთუ არგენტინელების შესაძლო ჩემპიონობა არა მესის საოცარ ოსტატობას, არამედ ფიფას ტენდენციებს უნდა უკავშირდებოდეს, რაზედაც მავანნი გაუთავებლად საუბრობენ, მოჰყავთ რა მიზეზად ეგვიპტის ნაკრებისთვის არგენტინელებთან გაუქმებული გოლი…
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი უმნიშვნელოვანესი და ერთიც გარკვეულწილად ზედმეტი მატჩია დარჩენილი. საინტერესო კი ისაა, რომ ოთხივე ნახევარფინალისტს მოგების პრაქტიკულად თანაბარი შანსი გააჩნია, რაც აქამდე არნახული მოვლენაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.
სულ რამდენიმე დღეში ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა. ჩვენ კი გარდა იმისა, რომ დროდადრო სინანულით ვიხსენებთ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონატზე არყოფნის ფაქტს, ყურადღება პარალელურად უკვე ევროთასებზეც გვაქვს გადართული, სადაც ოთხიდან სამი ქართული კლუბი საკმაო ალბათობით დაძლევს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს.
განა უცნაური არაა, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგაში მონაწილე 10 გუნდიდან 4 ევროთასებზე იმყოფება? ასეთი პროცენტული მაჩვენებლით ხომ თვით ინგლისელები, ესპანელები, ფრანგები თუ სხვა „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ვერ დაიკვეხნიან, რომელთაც 18-20 გუნდი ჰყავთ თავ-თავიანთ ჩემპიონატებში…




