იაიოი კუსამა: არტისტი, რომელმაც უსასრულობა მოგვცა
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
არსებობენ არტისტები, რომელთა სიკვდილიც თითქოს ხელოვნების ისტორიის ერთ მთლიან თავს ხურავს, ზოგიერთი კი საპირისპირო განცდას იწვევს – მათ მიერ შექმნილი ენა იმდენად შეერწყა ჩვენს კოლექტიურ ვიზუალურ ცნობიერებას, რომ მათი ფიზიკური არყოფნის გააზრება რთული ხდება.
იაპონელი არტისტი იაიოი კუსამა, რომელიც 27 აგვისტოს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ცალსახად უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთვნება. ის სიცოცხლის ბოლო დღეებშიც განაგრძობდა შემოქმედებას, რომლის მეშვეობითაც მთელი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა უსასრულობას.
კუსამას ვიზუალურმა სამყარომ ის ხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცია. შავი წერტილებით დაფარული ყვითელი გოგრები, უსასრულობის სარკეების ოთახები და მკვეთრი ფერები, რომელშიც დამთვალიერებელი თითქოს უჩინარდება, მის ხელწერად იქცა.
თუმცა, არტისტის მხატვრული ლექსიკის მიღმა საკმაოდ ბნელი ბიოგრაფია იმალება. ის 1950-იანი წლების მიწურულს ნიუ-იორკში მამაკაცებით დომინირებულ ავანგარდში ცდილობდა დაემკვიდრებინა თავი. მისი იდეები მინიმალიზმის პარალელურად ვითარდებოდა, რომლებიც მოგვიანებით პოპ-არტში, ინსტალაციაში, ფემინისტურ პერფორმანსსა და იმერსიულ ხელოვნებაში პოვებდა გამოძახილს.
ათწლეულების შემდეგ, მან კულტურაში უდიდესი ტრანსფორმაცია მოახდინა: ის ერთდროულად ხელოვნების ისტორიის ნაწილად, მოდის ინდუსტრიის კოლაბორაციონისტად და გლობალურ ბრენდად იქცა.
იაიოი კუსამა 1929 წელს იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში დაიბადა. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში დაეწყო სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები – ეჩვენებოდა გამრავლებული ფორმები, ყვავილები, წერტილები, რომლებიც თითქოს მისი სხეულსა და გარშემო სამყაროს შორის საზღვრებს შთანთქავდნენ. მან შემოქმედება ადრეული ასაკიდან დაიწყო და მის გამოცდილებას მჭიდროდ დაუკავშირა.
სანამ კუსამას სახელობის ჩანთები, მაღაზიების ვიტრინები, სკულპტურები და ბრენდირებული საგნები გაჩნდებოდა; სანამ გოგრა თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად და კომერციულად წარმატებულ სიმბოლოდ იქცეოდა, არსებობდა ქალი, რომელიც საკუთარი აღქმის არასტაბილურობასთან გამკლავებას ცდილობდა.
არტისტმა შიშს, აკვიატებას, ჰალუცინაციას, ქაოსს სტრუქტურა მისცა და საკუთარი „მე“-ს დაკარგვის შესაძლებლობა ესთეტიკურ ფილოსოფიად გარდაქმნა, რომელსაც „თვითგანადგურების“ (self-obliteration) კონცეფციით აღწერდა.
აბსტრაქტულმა ექსპრესიონიზმმა ომისშემდგომი ამერიკული კულტურის ერთ-ერთ განმსაზღვრელ არქეტიპად გმირი მამაკაცი მხატვარი დაამკვიდრა – ფიზიკურად დომინანტი და ეგზისტენციალური ტანჯვით შეპყრობილი. სწორედ ამ სამყაროში შეაბიჯა 1958 წელს ნიუ-იორკში იაპონელმა არტისტმა, რომელსაც სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
მისი ადრეული “უსასრულობის ბადეები” (Infinity Nets) ათასობით და ათიათასობით პაწაწინა, განმეორებად მოძრაობას გვთავაზობდა, რომლებიც ისე იყო გადანაწილებული ტილოებზე, თითქოს ზედაპირს დასაწყისი და დასასრული არ ჰქონდა. ამ ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი სივრცე დაიკავეს აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის კლებად დომინაციასა და მინიმალიზმის ახლად აღმოცენებულ მხატვრულ ენებს შორის.
კუსამა წინ უსწრებდა დისკუსიებს გენდერის, სექსუალობის, ყოფითი სივრცისა და სხეულის პოლიტიკის შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ფემინისტური ხელოვნების ცენტრალურ თემებად იქცა.
1960-იანი წლებისთვის არტისტის შემოქმედებით ამბიციებს მხოლოდ ფერწერა ვეღარ იტევდა. იგი სკულპტურებზე და ინსტალაციებზე გადავიდა, დგამდა სკანდალურ პერფორმანსებს, რომლებშიც შიშველი სხეულებს, წერტილებს და თეატრალური ქაოსს ერთგვარ შემოქმედებით ინსტრუმენტებად იყენებდა.
კუსამა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც აქტივისტი ხელოვანი. მან ვიეტნამის ომის საპასუხოდ სიშიშვლე მილიტარიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ჟესტად აქცია. მისი პოლიტიკური პოზიცია თეატრალური, უტოპიური და განზრახ პროვოკაციული იყო, თუმცა ამ სანახაობის მიღმა არსებობდა რწმენა, რომ ადამიანის დაუფარავ და უიარაღო სხეულს ნგრევასა და განადგურებასთან დაპირისპირება შეეძლო.
1970-იან წლებში იაპონიაში დაბრუნების შემდეგ იგი თანდათან გაქრა საერთაშორისო ხელოვნების სცენიდან და 1977 წელს საკუთარი სურვილით ტოკიოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსდა, საიდანაც ის სამუშაო რუტინას განაგრძობდა.
1993 წლის ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა კუსამას კარიერაში გარდამტეხი ეტაპი იყო, რომელმაც არტისტი გლობალურ სენსაციად აქცია; გაჩნდა “უსასრულობის სარკის ოთახები” (Infinity Mirror Rooms).
მან სარკეებით შექმნილ გარემოზე ექსპერიმენტები ინსტაგრამის არსებობამდე ათწლეულებით ადრე დაიწყო, თუმცა სოციალურმა მედიამ მათი აღქმა კიდევ უფრო გაამძაფრა. ამ სივრცეებში დამთვალიერებელი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშის წინაშე არ დგას. ის თავად შედის ნამუშევარში მისი მეშვეობით მრავლდება და რაც მთავარია, აღნიშნულ სივრცეში საკუთარი თავის გადაღება შეუძლია. ისინი ერთდროულად ხდებიან მაყურებლები, სუბიექტი და გამოსახულება.
შეუძლებელია არ დავინახოთ ირონია, რომ ხელოვანმა, რომლის შემოქმედების კონცეფციაც არაერთხელ ეფუძნებოდა ეგოს გაქრობას, სწორედ ისეთი სივრცე შექმნა, სადაც მილიონობით ადამიანი ე.წ. სელფის იღებს.
ბუნებრივია, ფოტოს გადაღება ესთეტიკურ გამოცდილებას სულაც არ აკნინებს, ისევე როგორც პოპულარობა ხელოვნების საკრალურობას. კუსამას ძალა ნაწილობრივ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას ერთდროულად რადიკალურად განსხვავებულ იდეებზე ზემოქმედების უნარი აქვს. მის ხელოვნებაში ხელმისაწვდომობა და კომპლექსურობა უნიკალურ სინთეზს ქმნის.
იაიოი კუსამას სიკვდილი გვიბიძგებს დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ხელოვანის უკვდავება. ხშირად ვამბობთ, რომ ხელოვანები თავიანთი ნამუშევრების მეშვეობით სამუდამოდ ცოცხლობენ, თუმცა კუსამას კარიერა ამ კლიშეს უჩვეულოდ პირდაპირ, ვიზუალურ ფორმას აძლევს.
შედით “უსასრულობის სარკის ოთახებში” და ერთი სხეული უთვალავ სხეულად იქცევა, ერთი სინათლე ათასობით სინათლედ, ხოლო არქიტექტურული სივრცე საზღვრებს დაკარგავს. ინდივიდი გამეორებაში ქრება და ყველგანმყოფი ხდება. გარკვეულწილად ეს ის არ არის, რასაც ისტორია სიკვდილის შემდეგ ხელოვანს აძლევს? ბიოლოგიური ინდივიდი ქრება; გამოსახულებები კი მრავლდება. არტისტი, რომელიც ოდესღაც იმისთვის იბრძოდა, რომ ხელოვნებაში თავი დაემკვიდრებინა, ახლა ყველგან არის. შესაძლოა, სწორედ ეს არის იაიოი კუსამას ცხოვრების საბოლოო ირონია.
მან ათწლეულები დაუთმო “თვითგანადგურების” კონცეფციის განვითარებას, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად არტისტად იქცა; ის გაუჩინარებისკენ ისწრაფოდა და საყოველთაო ხილვადობას მიაღწია. მან ჰალუცინაცია ნიმუშად გარდაქმნა, შიში გამეორებად, ფსიქოლოგიური დაუცველობა დისციპლინად, მარგინალობა ისტორიულ მნიშვნელობად, ხოლო პირადი ენა ვიზუალურ ფენომენად.





















