fbpx

გალაკტიონი ეკრანზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ლევან გელაშვილი

1912 წლის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ქართველი მგოსნის, „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ ფილმით იწყება კიდევ ერთი დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის კავშირი კინემატოგრაფთან. 1951 წლის 12 დეკემბრის შემდეგ  გალაკტიონი უბის წიგნაკში აკეთებს ჩანაწერს, რომ კინოკამერით პირველად ქუთაისში, აკაკი წერეთელთან ერთად გადაიღეს და  ეს ჩანაწერი დღეს სახელმწიფო კინოწარმოებაში უნდა ინახებოდეს. სავარაუდოდ, პოეტი ვასილ ამაშუკელის ამ ცნობილ ფილმს გულისხმობს. ფილმის შემორჩენილ ვერსიაში ქუთაისის სცენა საკმაოდ მოკლეა და გალაკტიონი არ ჩანს, თუმცა შეიძლება ის კადრები, რომლებზეც ახალგაზრდა პოეტი იყო აღბეჭდილი,  დაკარგულია ან მისი იდენტიფიცირება არ არის შესაძლებელი. რადგან ქუთაისის ეპიზოდი 1912 წლის 21 ივლისით თარიღდება, მკვლევარი მაია ნინიძე გალაკტიონის კინოფირზე გამოჩენის თარიღადაც  ამ  დღეს მიიჩნევს. (გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ტექსტოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები თბ. 2025 წ.  გვ. 661).

ხელოვნების სასახლეში ინახება პირველი ქართველი კინოოპერატორის, ვასილ ამაშუკელის მოგონებები, კონკრეტულად: კინოფილმის, „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღების მიმდინარეობის განრიგის შესახებ, სადაც ვკითხულობთ:

„სასტუმრო „გრანდ-ოტელის“ (ქუთაისში – ხაზი ჩემია – ლ. გ.) წინ შეიკრიბნენ მოგზაურობის მომწყობი კომისიის წევრები და გამცილებლები.

გამგზავრების წინ მგოსანმა რამდენიმე წუთი დაყო მისი საყვარელ ქალაქის ბაღში.

ჩქარა მოგზაურნი ქალაქიდან გავიდნენ.

ქუთაისის გარეუბანი ჭომა. აქ სპირიდონ წერეთლის ეზოში გულუხვმა მასპინძლებმა დიდებული საუზმე გაუმართეს მგოსანსა და მის მსმენელებს“.

(საქართველოს ხელოვნების სასახლე, ვ. ამაშუკელის არქივი, 29 უთარიღო ნაბეჭდი 6 გვერდი).

როგორც ვხედავთ, ქუთაისში კინოგადაღება ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ვასილ ამაშუკელმა საერთო ჯამში 1600 მეტრი ფირი დახარჯა. მონტაჟის შემდეგ სოფია ივანიაცკაიას ლაბორატორიაში კინოფირი 1600-იდან 1200 მეტრი დარჩა. ჩვენამდე მოაღწია 544 მეტრმა ფირმა, რომელსაც პირველად კინომცოდნე კარლო გოგოძემ მიაკვლია. მართლაც არაა გამორიცხული, რომ სწორედ დაკარგულ კინოკადრებში ჩანდა გალაკტიონი. 

 

გალაკტიონისთვის აკაკი მისაბაძი მგოსანი იყო, გარდა იმისა, რომ გარეგნულადაც ჰბაძავდა აკაკის, მას მიუძღვნა პოემა და არაერთხელ გამოუთქვამს აღფრთოვანება მისი პოეზიისადმი. შემთხვევითი არ არის მისი სურვილი, რომ საკუთარი ცხოვრება და კავშირები დიდ ლიტერატურულ ფიგურასთან კინემატოგრაფიულად იქნეს მოთხრობილი. 1948 წლის  3 აგვისტო – 2 ოქტომბერი დღიურის ჩანაწერში აღნიშნავს, რომ სურვილი აქვს, იარსებოს კინოფილმმა „მე და აკაკი“. 

მეტაფორულად იხატება გალაკტიონის წვლილი არა მხოლოდ ქართული ლექსის სტილისტურ და ფორმალურ განახლებაში, არამედ, სიმბოლურად, ეროვნული კინემატოგრაფის დასაწყისშიც. ასე წარმოჩნდება ერთგვარი კულტურული კონტინიუმი, სადაც მეფე მგოსნის, აკაკი წერეთლის მიერ ლიტერატურულ სივრცეში გახსნილი ინოვაციური გზა, თითქოს პოეტების მომავალი მეფის, გალაკტიონის შემოქმედებით გრძელდება.  მათი გადაკვეთის სიმბოლური წერტილი კი არა მხოლოდ პოეზია, არამედ კინემატოგრაფიც აღმოჩნდა. კერძოდ, ვასილ ამაშუკელის პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის ორი ფიგურის სიმბოლური თანაარსებობა აღიბეჭდა.

გალაკტიონ ტაბიძე თავისი სიცოცხლის განმავლობაში 12-ჯერ მოხვდა კინოფირზე. ეს იყო სპეციალურად მისთვის ორგანიზებული კინოგადაღებები ან მნიშვნელოვანი მოვლენების დაფიქსირება, სადაც თავად გალაკტიონიც მონაწილეობდა.

პირველად ამ საკითხით კინოს მკვლევარი, კინოკრიტიკოსი, პედაგოგი და დრამატურგი კარლო გოგოძე დაინტერესდა. მან  ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“  (1973, № 10) გამოაქვეყნა წერილი – „გალაკტიონი დოკუმენტურ კინოში“.  შევისწავლე კარლო გოგოძის ნაბეჭდი ხელნაწერიც, რომელიც უფრო ვრცელია და საკმაოდ განსხვავდება ჟურნალში დაბეჭდილი ვერსიისგან.

გალაკტიონი თავის დღიურში ჩამოწერს, როდის და სად გადაუღიათ კინოფირზე:

კინო

  1. პირველად გადავიღეთ აკაკი წერეთელთან ერთად ქუთაისში. მგონია, აქვთ გოსკინპრომში.
  2. შემდეგ მწერალთა სასახლის ბაღში (1922? 3?).
  3. კინო ხმის მიცემის დროს – 17 დეკ. 1949.
  4. შოვში – 1947 წ.
  5. სანაგიტთეატრში. 1945.
  6. კინო 48 წ. თუ 47 წ.
  7. კინო გორში – 1949 წ.
  8. კინო, სახლში რომ გადამიღეს (კაბინეტში).
  9. კინო მთაწმინდაზე „В лучах Октября“. ჯალიაშვილი.

ახალი სცენარი.

  1. აკადემიკოსებთან რომ გადავიღეთ.

ეს ჩანაწერი სრულყოფილად ვერ ასახავს გალაკტიონის კინოგადაღებებს. როგორც ჩანს, პოეტი მეხსიერებით აღიდგენს გადაღებების თანმიმდევრობას. არქივში ინახება უფრო მეტი კინოფირი, რომელზეც გალაკტიონია ასახული. 

ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმის შემდეგ, გალაკტიონი გადაუღიათ 1929 წელს. კინოსიუჟეტი ასახავს კომინტერნის მეექვსე კონგრესზე ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის გენერალურ მდივნის, ანტონინ ზაპოტოცკის სტუმრობას, რომელსაც მასპინძლობდა გალაკტიონ ტაბიძე. პოეტმა სტუმარს გააცნო დედაქალაქი და მისი ღირსშესანიშნაობები. გალაკტიონი ამ ვიზიტის შესახებ თავის დღიურში წერს: „ზაპოტოცკის ცოლმა მითხრა – რომ იგი, როგორც კი ჩავა ჩეხიაში, მოაწყობს ჩემი ლექსების გამოცემას პრაგაში. დიდებული მარშრუტია“. 

1938 წლის 23 დეკემბერს გალაკტიონის შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 წლისთავი აღინიშნა თბილისის ვოროშილოვის სახელობის კლუბში. არქივში ინახება ამ ღონისძიების ამსახველი რამდენიმე კინოკადრისგან შემდგარი პატარა კინოსიუჟეტი, რომელიც იუბილეს აზრს და შინაარს სრულყოფილად ვერ გადმოგვცემს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენამდე მოიტანა  პოეტის სინქრონული ხმის ჩანაწერი. იმავე წლის 31 დეკემბერს კინოოპერატორებმა ფირზე აღბეჭდეს გალაკტიონის საახალწლო მილოცვა და ლექსი, რომელიც ამჟამად გაციფრებულია. 

 

1945 წლის 9 მაისს საზეიმო მიტინგი გაიმართა მწერალთა კავშირში, სადაც გალაკტიონი ლექსით გამოვიდა. ეს ეპიზოდი გადაიღეს ფირზე და შევიდა  ირაკლი კანდელაკის კინონარკვევში „გამარჯვების დღესასწაული“.

1946 წელს პოეტი ორჯერ გადაიღეს კინოფირზე, რომელიც კინოჟურნალ საბჭოთა საქართველოს მესამე და მეთორმეტე ნომრებში შევიდა. კადრები ასახავს თბილისის სანკულტურის თეატრში მუშა-მოსამსახურეებთან და ბიბლიოთეკაში მკითხველებთან შეხვედრას.

კარლო გოგოძის ზემოთ აღნიშნული  წერილის ნაბეჭდი ხელნაწერი  ხელოვნების სასახლეში, კარლო გოგოძის არქივში ინახება. როგორც ჩანს, „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორმა შეკუმშა ტექსტი და ისე დაბეჭდა, რადგან მასში არ მოხვდა მკვლევრის მიერ ხელნაწერში აღწერილი კინოსიუჟეტი: 

„პრეზიდიუმის წევრთა შორის გამოირჩევა ახოვანი ფიგურა პოეტისა, იგი თვალყურს ადევნებს შეკრებილთ და ყურს უგდებს მომხსენებელს, მწერალ სიმონ წვერავას, რომელიც შეკრებილთ გალაქტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოუთხრობს. მოხსენება მთავრდება. მგოსანს თაიგულებს მიართმევენ. ნახევრად წამომდგარი პოეტი მადლობას უხდის დამსწრეთ. ორატორები ესალმებიან სტუმარს. დასასრულ გამოდის თვითონ გალაქტიონი თვალზე სათვალით, ლენინის ორდენით მკერდ დამშვენებული და კითხულობს ლექსს „თასი”. ლექსის კითხვა ჩაწერილია სინქრონულად. 

 

1947 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში აღინიშნა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 110 და გარდაცვალებიდან 40 წლის იუბილე, სადაც საკუთარი ლექსი წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძემ. ეს კინოსიუჟეტი შესულია ოთარ ჭიაურელის კინოჟურნალში „საბჭოთა საქართველო“ (№ 38, 1947 წელი). 

„1947 წლის აგვისტოში გალაკტიონი ისვენებდა შოვში, სადაც ჩამოვიდა „საბჭოთა საქართველოს“ გადამღები ჯგუფი კინოოპერატორ ბორის კრეპსის ხელმძღვანელობით. დოკუმენტალისტებმა პოეტი გადაიღეს შოვში, სამუშაო კაბინეტში და შოვის ბუნებაში თივის თიბვის დროს.  ეს სიუჟეტი შევიდა ოთარ ჭიაურელის კინოჟურნალში „საბჭოთა საქართველო“ (№29, —- წელი).

1948 წლის 28 ივლისს გალაკტიონი ნინო კვირიკაძესთან ერთად მიდის კინოთეატრში და ნახულობს ალექსანდრე ჯალიაშვილის სრულმეტრაჟიან ფილმს „საბჭოთა საქართველო“, რომელშიც ნაჩვენებია 1947 წლის აგვისტოში შოვში გადაღებული კადრები. გალაკტიონი ჩანს თივის თიბვის დროს და დიქტორი აცხადებს, „სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე“. პოეტი კმაყოფილია ამ კადრებით და თვლის, რომ ეს სურათი ნაწილობრივ პლაკატია, რომ ეს შესანიშნავი რეკლამაა, რომელიც აუცილებელია 11 ოქტომბრისთვის, მისი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლიდან 40 წლისთავის წარმოსაჩენად. ფიქრობს, რომ ეს კინოფილმი მისი გამარჯვებაა. უბის წიგნაკში წერს: „გაუმარჯოს თივის თიბვას!  გაუმარჯოს ასპარეზის გასუფთავებას ომისათვის!“.  

ეს განწყობა მის ლექსშიც აისახა: 1947 წლის 10 აგვისტოთი თარიღდება მისი ლექსი: „პირველ აგვისტოს ღამით“, სადაც ასეთი სტრიქონებია:

„დიდებულია ბუბა! 

მთიბავი ვთიბავ თივას. 

შოდას ელვარებს უბე, 

ნისლს რომ იტევდა ძლივას!

 

საიდან გაჩნდა კინო- 

ოპერატორი ძველი? 

სურს გადაიღოს იმ დროს, 

როს თივას თიბავს ცელი“.

 

1949 წლის 21 დეკემბერს გორში სტალინის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ რუსი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი  და ქართველი ავტორები.  მათ შორის  იყო გალაკტიონიც, რომელმაც  ლექსი მიუძღვნა ბელადს. ეს საღამო სინქრონულად ჩაიწერეს და სიუჟეტი შევიდა რეჟ. ირაკლი კანდელაკის კინონარკვევში „21 დეკემბერი გორში“.

გალაკტიონის ლექსების ახალ ციკლზე მუშაობას ასახავს შალვა ჩუგუნავას კინონარკვევი, რომელიც 1949 წლის კინოჟურნალ „საბჭოთა საქართველოს“ № 32 ნომერში შევიდა.

1950 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეს გალაკტიონი გადაიღეს  საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს. კინოქრონიკა შევიდა კინოჟურნალ „საბჭოთა საქართველოს“ 1950 წლის № 38-ში.

 

ამის შესახებ გალაკტიონი თავის დღიურში წერს: „კინოებში მიდის ქრონიკა „არჩევნები“. მე გადაღებული ვარ, თურმე, შესანიშნავად, ხმის მიცემის დროს, ყუთთან. ჯერ კადრი მიდის ჩვეულებრივად – ერთ ადგილას ჩემი სურათი დიდდება“.

1951 წლის კინოჟურნალ „საბჭოთა საქართველოს“ მე-2 ნომერში  შევიდა ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში გალაკტიონის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა.

1957 წლის სიკო დოლიძის კინონარკვევში „აყვავებული საქართველო“ შევიდა ეპიზოდი, სადაც ასახულია პოეტი წიგნების ბაზრობაზე, მაღაზიაში წიგნის არჩევის დროს. 

„გალაკტიონი მუშებთან“ – ასეთია თემა კინოსიუჟეტისა, რომელიც რეჟისორ ოთარ ჭიაურელის კინოჟურნალ „საბჭოთა საქართველოს“ 1957 წლის მე-20 ნომერში შევიდა.

1958 წელს მოსკოვში ჩატარდა ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა, სადაც სხვა ავტორებთან ერთად მიწვეული იყო გალაკტიონიც. დეკადაზე პოეტმა წაიკითხა ლექსი „დროშები მაღლა!“. სინქრონული კინოგადაღება აწარმოვა გიორგი ასათიანმა.

გალაკტიონის უკანასკნელი კადრები გადაღებულია 1959 წელს, მისი დაკრძალვის დღეს. 

 

გალაკტიონზე არსებულმა მწირმა კინომასალამ  თავისებური გავლენა მოახდინა სერგეი ეიზენშტეინის მოსწავლის, კინორეჟისორის და სცენარისტის, შალვა ჩუგუნავას 1971 წელს გადაღებულ  ორნაწილიან კინონარკვევზე, რომლის სახელწოდებაა „გალაკტიონ ტაბიძე“. 

 

პოეტისთვის კინო  მნიშვნელოვანი იყო მისი პირადი და შემოქმედებითი მემკვიდრეობის კონტექსტშიც. 1946 წლის 3 სექტემბერს, თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალების მოწესრიგებისას, „კინოსა და მხატვარ-მოქანდაკეების მასალები“ ცალკე საქაღალდეში აქვს შეტანილი. გალაკტიონი კინოთეატრს განიხილავდა მისი შემოქმედებითი საღამოს ჩატარების ერთ-ერთ ადგილად. 1949 წლის მარტში კინოთეატრ „რადიუმში“ გამოფენის გამართვას ვარაუდობდა. გალაკტიონს სურვილი ჰქონდა, მისი საჯარო გამოსვლები დოკუმენტირებული ყოფილიყო კინოს საშუალებით. 1949 წლის 16 მაისის დღიურის ჩანაწერში აღნიშნავს,  რომ გული სწყდება, ნაძალადევის მუშათა კლუბში ჩატარებულ ლიტერატურულ საღამოზე „ვერ მოხერხდა ფოტო და კინოგადაღება“. 1955 წლის ივნისში გეგმავს ლიტერატურულ ღონისძიებას და ფიქრობს, რომ „კარგი იქნება, თუ მოხერხდება ღონისძიების კინოფირზე გადაღება“. 

გალაკტიონის, როგორც აღიარებული საზოგადოებრივი ფიგურის პირადი სივრცე ხშირად გამხდარა კინოქრონიკის ნაწილი. მიუხედავად ამისა,  გააზრებული კინოპოლიტიკა პოეტის სიცოცხლეში მის მიმართ არ განხორციელებულა, კინემატოგრაფისტებს არ ჰქონიათ  პოეტზე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების საშუალება. ამ მხრივ საგულისხმოა იმერეთის კინო ქრონიკასთან დაკავშირებით პოეტის დღიურის ჩანაწერები: 1955 წლის 8 ივლისამდე: ვახტანგ გურგენიძე ცდილობს გალაკტიონის იმერეთში სტუმრობა ფირზე ჩაიწეროს, მაგრამ თავდაპირველად უარს იღებს „პიროვნების კულტის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის გამო“. მოგვიანებით, კულტურის მინისტრის მოადგილე ნებას რთავს. როგორც ჩანს,  იმდენად მნიშვნელოვანი იყო გალაკტიონის ფიგურა, რომ პოლიტიკური შეზღუდვების ფონზე მისთვის გამონაკლისი დაუშვეს, თუმცა 1955 წლის 14-15 სექტემბრის პოეტის დღიურის ჩანაწერში გალაკტიონი ბრაზობს, როდესაც იგებს, რომ კულტურის მინისტრმა საყვედური გამოუცხადა ვახტანგ გურგენიძეს მისი ვანში ყოფნის ამსახველი კინო-კადრების გადაღების გამო. პოეტი დღიურში აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრი მის წინააღმდეგაა განწყობილი და მის მტრებს ემხრობა.

საბჭოთა რეჟიმი მკაცრად აკონტროლებდა გალაკტიონ ტაბიძის ეკრანზე ასახვას. პოეტის ეკრანული სახე, როგორც წესი, ფრაგმენტულად იყო წარმოჩენილი და ძირითადად ემსახურებოდა ხელისუფლების იდეოლოგიურ მიზნებსა და პროპაგანდისტულ კონტექსტს. კინოსიუჟეტები: გალაკტიონი მუშებთან, ხმის მიცემის პროცესში, ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, სტალინისადმი მიძღვნილ საღამოზე ან ქართული ხელოვნების დეკადაზე, მიგვანიშნებს, რომ კინოში მისი სახე ფორმირდებოდა, როგორც სტანდარტიზებული საბჭოთა პოეტი. ასეთ კინოსიუჟეტებში ჩანდა საბჭოთა აღმშენებლობა, არ ირეკლებოდა პოეტის ინდივიდუალური შემოქმედებითი ხელწერა და სრულიად უგულებელყოფილი იყო მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის სიღრმისეული გააზრება.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში არაერთი ფილმი შეიქმნა გალაკტიონზე, დღეს ისევ აქტუალურად ჟღერს კარლო გოგოძის სიტყვები, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერა: „მომავალში მაინც უნდა შეიქმნას სრულმეტრაჟიანი მაღალმხატვრული დოკუმენტური კინოფილმი ჩვენი ეპოქის ამ მგზნებარე პოეტზე. სანამ გვიან არ არის, ამ მიზნით უნდა მოინახოს გალაკტიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა დროს გადაღებული დოკუმენტური ფირები, აგრეთვე დამონტაჟების შემდეგ დარჩენილი ნაჭრები. რასაკვირველია, ვითვალისწინებ იმ სიძნელეებს, რომლებიც ამ ხასიათის ფილმზე მომუშავე კინემატოგრაფისტს შეხვდება, მაგრამ დაუძლეველი არაფერია და ჭეშმარიტად ეროვნული საქმე გაკეთდება… ამჟამად არსებული კინოდოკუმენტური მასალა, რომელიც გალაკტიონს ეხება, საკმაოდ დაზიანებულია. საქართველოს სსრ კინო-ფოტო-ფონო სახელმწიფო არქივმა ეს მასალა შელახული სახით მიიღო და თუ ჩვენს მკვლევრებს რისიმე პოვნა შეუძლიათ, თუ რამ გადარჩა და შემონახულა, მხოლოდ არქივის მუშაკთა დიდ გულმოდგინებას უნდა ვუმადლოდეთ“.

ჩვენც ამ სიტყვებით დავასრულებთ ამ წერილს და იმედს ვიტოვებთ, მომავალში მაინც იქნება შესაძლებელი, კარლო გოგოძის სიტყვები განვლილ ეტაპად ჩაითვალოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.