fbpx

უსახელო ზღაპარი – ირაკლი ლომოური


გააზიარე სტატია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩაფრულზღაპრული ქვეყანა, სადაც ცხოვრობდა ბიჭი, სახელად უჩა, რომელიც „უსახელო ზღაპარს“ დაეძებდა. 

რა იყო ეს „უსახელო ზღაპარი“, არც უჩამ იცოდა და არც არავინ, მაგრამ ხალხში თქმულებასავით ვრცელდებოდა, ჩურჩულით გადასცემდნენ ერთმანეთს – ესააო ზღაპარი უცნობ, იდუმალ, ჯადოსნურ რაღაცაზე, რაც ჩაფრულზღაპრულ ქვეყანას გადააქცევს ზღაპრულ ქვეყნად, ნამდვილ ზღაპრულ ქვეყნად, უბრალოდ ზღაპრულ ქვეყნად… 

ჩაფრულზღაპრულ ქვეყანაში ცხოვრება მთლიანად ხალხურ ზღაპრებზე იყო დამყარებულ-აწყობილი. „ჩაფარზღაპროლოგია“ სამოქალაქო სიბრძნე გახლდათ, ფოლადივით მტკიცე, ორ ფეხზე მყარად მდგომი, ამაყი, ღირსეული, საყოველთაო, მამაპაპური სიბრძნე. მას ასწავლიდნენ საბავშვო ბაღიდან დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული, ამრავლებდნენ ჟურნალ-გაზეთებისა თუ გამომცემლობების რედაქციებში, იკვლევდნენ სამეცნიერო აკადემიაში, საზეიმოდ აცხადებდნენ და აკანონებდნენ ჩაფარზღაპრულ სახალხო დარბაზში. ქვეყანა ჩაფარზღაპროლოგიით სულდგმულობდა, საზრდოობდა და ხარობდა. ყველა და ყველაფერი, დიდი და პატარა მუდამჟამს ჩაფარზღაპრებით იყო გარემოცულ-გამსჭვალულ-აღსავსე: ადამიანი მათ ისმენდა, უყურებდა, კითხულობდა, იზეპირებდა, ჰყვებოდა, სწავლობდა,  იკვლევდა, არჩევდა, ახარისხებდა, ერთმანეთს ადარებდა, აქებ-ადიდებდა. ზღაპრების ზეპირად ცოდნა ყველაზე დიდ ღირსებად მიიჩნეოდა. ქვეყნის მმართველ ჩაფართჩაფრად ირჩევდნენ ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტი ზღაპრის კანონიკური, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ვერსია იცოდა ზეპირად და ყველაზე ზუსტად, უშეცდომოდ, სწრაფად და სხარტად შეეძლო მათი გადმოცემა მაღალი ტრიბუნიდან. 

ერთი სიტყვით, ქვეყანა ჩაფარზღაპრებით ცოცხლობდა. ჩაფარზღაპრები კანონიკურ ზღაპრებად იყო სამუდამოდ გამოცხადებული. მათი შეცვლა არ შეიძლებოდა. ჩაფარზღაპრებს ამრავლებდნენ, ავრცელებდნენ, ხატავდნენ, თამაშობდნენ, იღებდნენ, სცენაზე დგამდნენ… 

„ჩაფარზღაპრული საიდუმლო სამსახური“ (”ჩინსანსანი“) ჩაფარზღაპრების ცვლილებას, დამახინჯებას ანუ აბუჩად აგდებას არავის აპატიებდა. სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი, საგანგებო მუხლი იყო გათვალისწინებული ჩაფარზღაპრების შეურაცხყოფისთვის – სახის დაფარვაც შეურაცხყოფად მიიჩნეოდა, უადგილო ადგილას უსაქმოდ, ჯგუფურად დგომაც და ხმამაღალი, გაურკვეველი შინაარსის შეძახილებიც. 

ჩაფრულზღაპრულ ქვეყანაში „უსახელო ზღაპრის“ არსებობას უჩას გარდა სხვა მოქალაქეებიც გრძნობდნენ, თუმცა ამას აშკარად არავინ ამხელდა. თუნდაც იმიტომ, რომ არავინ იცოდა, „უსახელო ზღაპარი“ საიდან გაჩნდა, ვინ გამოიგონა, რას მოუთხრობდა და რისკენ მოუწოდებდა ადამიანებს. 

მოკლედ, მის შესახებ დანამდვილებით არავინ არაფერი იცოდა.

კი მაგრამ, თუკი ამ „უსახელო  ზღაპარზე“ არავინ არაფერი იცოდა, იქნებ საერთოდ არც იყო? რატომ მიაჩნდა ხალხს, რომ მართლა არსებობდა, თუ სახელიც კი არ იცოდა მისი? იქნებ ზღაპრის მოჩვენება იყო, სიზმრისეული? სიზმრად ბევრი რაღაც შეიძლება მოელანდოს ადამიანს, მაგრამ გაიღვიძებს და… ფაფუ! სადღაა? რამდენიც არ უნდა იწვალოს, მაინც ვერ გაიხსენებს…

„უსახელო ზღაპრის“ ხმამაღლა ხსენება, მასზე მსჯელობა, მისი არსებობის აღიარება სასტიკად იყო აკრძალული – უმძიმეს დანაშაულად მიიჩნეოდა, სამშობლოს ღალატს უტოლდებოდა. ზღაპარჩაფრულ ქვეყანაში მიაჩნდათ: რაც უცნობია, რაც დაფარულია – საშიშია! დამღუპველია!

„უსახელო ზღაპრის“ არსებობას ირიბად ადასტურებდა ერთადერთი რამ – გულის ძლიერი ფრიალი თუ ფანცქალი, რომელიც ეწყებოდა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ხმამაღლა (ან თუნდაც ჩურჩულით) წარმოთქვამდა აკრძალულ სიტყვებს: „უსახელო ზღაპარი“…

უჩა „უსახელო ზღაპრის“ არსებობას სიღრმისეულად, გულის გულით გრძნობდა, რადგან მხოლოდ მაშინ კი არ ეწყებოდა ხსენებული ჩქროლა, როდესაც ამ ორ აკრძალულ სიტყვას ხმამაღლა ან თუნდაც ჩურჩულით იტყოდა, არამედ მაშინაც, როცა უბრალოდ  გაიფიქრებდა. თანაც ეს ფრიალ-ფანცქალი უცნაურად მწველი იყო და თანაც, საამური… ტკბილ-მწარე…

ერთ მშვენიერ დღეს უჩამ იგრძნო, აღარ შეუძლია, აუცილებლად უნდა გაიგოს „უსახელო ზღაპრის“ საიდუმლოება, უსიკვდილოდ!   

უჩა ქუჩაში თავჩაქინდრული მიბორიალებდა – არ იცოდა, სად მიდიოდა.

ქალაქის ყოველ კუთხეში ვეება ბანერები იყო გაკრული – ხუთკუნჭულა, წიქარა, კომბლე, დევზე შემომჯდარი ნაცარქექია…

უჩა განზრახ მიდიოდა თავჩაქინდრული, მშობლიური ზღაპრების გმირებს ვეღარ უყურებდა, ზეპირად იცოდა ყოველი მათგანის ამბავი თუ თავგადასავალი, რაღაც ახალი უნდოდა, მაგრამ რა, არ იცოდა…

უჩა ქალაქის მთავარ გამზირზე გავიდა თავისდაუნებურად, სევდიანი მიბორიალებდა და უცებ რაღაც ხმაური შემოესმა, თავი ასწია, მიმოიხედა და დაინახა, რომ ჩაფრები და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი „ჩინსანსანელები“ უსაქმოდ მდგომ უსამშობლოთა ჯგუფს დაერივნენ, იჭერენ და ავტობუსში ყრიან. უჩამ იცოდა, რომ უსამშობლოები მისი ქვეყნის მტრები იყვნენ, მოსყიდული მტრები, რადგან თურმე უცხო ქვეყნის ზღაპრების პერსონაჟებით უნდოდათ შეეცვალათ მშობლიური გმირები: ვიღაც ვიგინდარა კარლსონს ნაცარქექიას ადგილი უნდა დაეკავებინა, ვიღაც ბოროტ აკაცუკს კი – მზეჭაბუკისა…

უჩამ გაქცევა დააპირა, მეც უსამშობლო არ ვეგონოო, მაგრამ უცებ მის ფეხებთან ქალიშვილი გაიშხლართა, ჩაფარმა ხელი ჰკრა და წააქცია. უჩას გაქცევა შეეძლო, მაგრამ ამის ნაცვლად რატომღაც ქალიშვილს ადგომაში მიეხმარა.

მიეხმარა და დააკავეს. ეგრევე, მეყსეულად. მანქანაში შეაგდეს, ერთი-ორი მუჯლუგუნიც მიაყოლეს და გინებ-გინებით წააჩაქჩაქეს ციხეში.

საკანში უჩა მარტო აღმოჩნდა. უზარმაზარი ციხე ძველთაძველი აშენებული იყო. საშინლად ციოდა. საკანს მბჟუტავი, სუსტი, დამტვერილი ნათურა ანათებდა. უჩა ხმელ ნარზე იწვა მოკუნტული. ერთადერთი, თხელი, სიფრიფანა პლედი ეფარა. კანკალებდა, თავს ვერ იკავებდა, კბილს კბილზე აცემინებდა. სრული სიჩუმე იყო. და უცებ საკანი ჭრიჭინას ხმამ აავსო. უჩამ მოულოდნელობისგან კანკალიც კი შეწყვიტა. იმდენად ახლოს ისმოდა ხმა, იმდენად ძლიერი იყო, რომ უჩა წამოიწია, ნარზე წამოჯდა, მიმოიხედა და  მოულოდნელად ჩაილაპარაკა, „ესეც შენი უსახელო ზღაპარი“…

ჭრიჭინი გაწყდა. უჩამ დაინახა, რომ კედლის ღრიჭოდან რაღაც არსება გამოძვრა, მოზრდილი კალიას მსგავსი. უჩას რატომღაც გაეცინა და უთხრა:

  • ჭრიჭინობელ, ეს რა კონცერტი გამართე…
  • სამაგიეროდ, ისე აღარა ცივა, – უპასუხა ჭრიჭინამ.

უჩა გაშტერდა. საკანში ჰაერი აშკარად დამთბარიყო. 

  • უკაცრავად და, ეს რა, შენ დაათბე?
  • აბა, შენ?
  • მოიცა, მოიცა, ეს როდის მერე დაიწყეთ ჭრიჭინებმა გამათბობლებად მუშაობა?.. არა, არ მჯერა!
  • ზღაპრების ქვეყანაში მაინც არ ცხოვრობდე! რისი არ გჯერა, ჰაერი რომ დავათბე, თუ რომ ვლაპარაკობ?
  • ერთიც და მეორეც!
  • ჰოჰ, შენ რა ურწმუნო თომა ყოფილხარ, უჩა ბატონო!
  • ჩემი სახელი იცი?!
  • შენი სახელიც ვიცი და სულ ყველაფერიც!
  • რა ყველაფერი?
  • ის ყველაფერი, რომ „უსახელო ზღაპარს“ ეძებ…

უჩა დაფიქრდა.

  • ა, ეგ სიტყვა ხომ მე თვითონ ვთქვი ხმამაღლა, როდესაც ღრიჭოდან გამოძვერი…
  • უიმე, – ჩაილაპარაკა ჭრიჭინამ, – შენ ვინა ყოფილხარ… გინდა დაგიმტკიცო ყველაფერი? გინდა, ცდა ჩავატაროთ?
  • რა ცდა?
  • აი, თქვი ხმამაღლა „უსახელო ზღაპარი“… და ნახავ, რა მოხდება.

უჩამ მხრები აიჩეჩა და ხმამაღლა, მკაფიოდ, დამარცვლით წარმოთქვა:

  • უ-სა-ხე-ლო ზღა-პარ-ი.

გაჩუმდა და რატომღაც მიმოიხედა. არაფერი მომხდარა.

  • ჭრიჭინობელ, არაფერიც არ მოხდა!
  • დარწმუნებული ხარ? მაშ, რატომ არ აგიფრიალდა გული? აბა, კიდევ ერთხელ თქვი!

უჩამ კეფა მოიფხანა, ცხვირი გააქსუტუნა და აუჩქარებლად, დაკვირვებით ჩაილაპარაკა:

  • უსახელო ზღაპარი.

უჩა დაფიქრებული იჯდა. ხმას არ იღებდა.

  • ხომ დარწმუნდი, უჩა ბატონო, – უთხრა ჭრიჭინამ, – გული აღარ გიჩქროლდება!
  • მმ… და რატომ?
  • ნუთუ ვერ ხვდები?
  • ვერა.

ჭრიჭინამ თავი გააქნია.

  • იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ „უსახელო ზღაპარი“ უკვე იპოვე!
  • ვიპოვე? როგორ?!
  • როგორ და, „უსახელო ზღაპარი“… შენ ხარ!
  • რაა?! მე ვარ?!
  • დიახ, ბატონო. შენ ხარ!.. და ის ე.წ. „აკაცუკები“, რომლებიც მეზობელ საკნებში სხედან…

უჩა რაღაც ხანი რეტდასხმულივით გაშტერებული იჯდა. ბოლოს ამოღერღა:

  • და ადამიანი როგორ შეიძლება იყოს… ზღაპარი?
  • და ადამიანზე ზღაპრული რა შეიძლება იყოს? – კითხვა შეუბრუნა ჭრიჭინამ, გატრიალდა და ღრიჭოში შეძვრა.

უჩა კიდევ მეტად დაიბნა და, ცოტა არ იყოს, უადგილო კითხვა დაადევნა, რომელიც, ალბათ, სულ თავიდან უნდა დაესვა:

  • რა გქვია…თ?
  • კარმა.
  • გამათბობელი? – დაახეთქა უჩამ.

ჭრიჭინამ, რომელიც თითქმის უკვე მთლიანად იყო შემძვრალი ღრიჭოში, გამობრუნდა, დაკვირვებით შეხედა და უთხრა ჩაცინებით:

  • ცხადია. აბა, შენ რა გეგონა? – დადუმდა, ხანმოკლე პაუზის მერე კი გააგრძელა, – კარმა საბედისწერო… როდესაც ე.წ. „უსამშობლო აკაცუკები“ გახვალთ აქედან, თქვენს ჩაფრულზღაპრულ ქვეყანას ნამდვილ ზღაპრულ ქვეყნად აქცევთ…

უჩა დაფიქრდა.

  • და მე რომ არ ვარ „უსამშობლო აკაცუკი“?
  • უკვე ხარ. რადგან ქალიშვილს მიეხმარე, კი არ გაიქეცი… სწორედ ამის მერე გახდი „უსახელო ზღაპარი“…
  •  და როგორ ვაქცევთ ჩვენს ქვეყანას ნამდვილ ზღაპრულ ქვეყნად? 
  • ჰმ… როგორ და, კარმის კანონით… – უთხრა ჭრიჭინამ და გაუჩინარდა.  

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.