fbpx

5 წიგნი საგაზაფხულოდ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

„კუდის მოქნევას“ იტყვიან ხოლმე, როცა წელიწადის რომელიმე დრო ბოლო დღეებში გაიბრძოლებს და თავის მთავარ ნიშას გადააყოლებს მომდევნო პერიოდსაც… გაზაფხული ზამთრის ბოლო კუდის მოქნევასთან გამოთხოვებაა, მოკლე დღეების გაგრძელება, სუსხიანი და ცივი ჰაერის გაწმენდა აყვავებული ხეებისა და მცენარეების სურნელით. თითქოს კარგი მკითხველისთვისაა გაზაფხული – ყველაზე კარგი დრო იმისთვის, რომ, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, „შეყვარებულებს შორის საძილე ტომარაში იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი…“  სტატიაში რამდენიმე წიგნზე მოგიყვებით, საგაზაფხულოდ რომ გამოდგება…

 

ჯორჯ ორუელი – თავისუფლებაზე

ეს წიგნი „1984“-ისა და „ცხოველების ფერმის“ ავტორის სხვადასხვა რომანებიდან, სტატიებიდან თუ ესეებიდან ამოღებული ამონარიდებია. კამილა შამსი დაჯდა და ყველა ეს ორუელისეული იდეა თავისუფლების თემის გარშემო გააერთიანა. ეს წიგნი დღევანდელი პროპაგანდის საწინააღმდეგოდაც გამოდგება. თავისუფლების იდეა კი მარად აქტუალურია. სწორედ ამიტომ, გამომცემლობა „ინტელექტის“ გამოცემული ლელა დუმბაძის თარგმანი უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს. 

 

პატი სმითი – მაიმუნის წელიწადი

„სულაკაურის“ გამომცემლობა და სოფი გამდლიშვილის ბრწყინვალე თარგმანი პატი სმითის სამყაროში კვლავ გვეპატიჟება. ხელოვანი კვლავ აბუნდოვანებს საზღვარს წარსულსა და აწმყოს, რეალობასა და წარმოსახვას შორის და მკითხველს ხელოვნების ყველა იმ დარგში მიუძღვის წინ, რომელშიც თავად მოღვაწეობდა, იქნება ეს მუსიკა, მხატვრობა, პოეზია თუ სხვა… ამ წიგნით ხან შუა საუკუნეებში გადავალთ, ხან ჰაერის ტალღით მივიღებთ შეტყობინებას და არ დავიღლებით, რადგან პატი სმითის ამბები მასწავლებელია, როგორ ვებრძოლოთ საზიზღარი ამბებით მოგვრილ სევდასა და იმედგაცრუებას. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველი ნასწავლია და მხოლოდ ისღა დარჩენია, მშვიდად მოუსმინოს მის რომელიმე სიმღერას ფანჯარაში ყურებისას. 

 

ჰირო არიკავა – ერთი მოგზაური კატის ამბავი

გამომცემლობა „დიოგენე“ თანამედროვე იაპონელის თვალით დანახულ სამყაროს გვათვალიერებინებს. ახალგაზრდა სატორუს და მისი საყვარელი კატის, ნანას, ამბავი ცხოველისა და ადამიანის მეგობრობაზე გვიამბობს. ჰირო არიკავამ ამბის მომყოლად კატა აირჩია და მას მიანდო სამყაროს მრავალფეროვნების გადმოცემა. როგორ დამეგობრდნენ, როგორ  დაუახლოვდნენ  ერთმანეთს და ყველა ამ სხვა ამბავს რომანიდან დეტალურად ვიგებთ, მაგრამ თითქოს შემდეგ რაკურსი იცვლება – უცბად იაპონიის ულამაზესი ხედები იშლება ჩვენ თვალწინ და ნაწარმოები კატისა და ადამიანის მეგობრობიდან ბევრად უფრო ფართო, საინტერესო და სენტიმენტალურად ისტორიად გადაიქცევა. ნაწარმოები ბრწყინვალედ თარგმნა თამთა ბოკერიამ. 

 

პერსივალ ევერეტი – ჯეიმსი 

ლეგენდარული მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და მისი ახალი პერსპექტივა პერსივალ ევერეტის რომანში. ახლა მთხრობელი ჯიმია, გაიგებს, ნიუ ორლეანში უნდა გამყიდონო და ჯექსონის კუნძულზე შეაფარებს თავს. მერე მდინარე მისისიპი და მისი ფათერაკებია… სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჯეიმსისა და ჰეკის ერთობლივი მოგზაურობა, სადაც სიკვდილიცა და გამარჯვებაც ერთი ხელის გაწვდენაზეა… ნიკა სამუშიას ბრწყინვალე თარგმანის დახმარებით ქართველ მკითხველს კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება, შეხვდეს კარგად ნაცნობ გმირებსა და მათი განსხვავებული ისტორიების მონაწილე გახდეს. წიგნი სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.