fbpx

რა არის Tbilisi Air? – ინტერვიუ თამუნა ჭაბაშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

ამსტერდამი, 2003 წელი. Gerrit Rietveld-ის აკადემიის კურსდამთავრებული რამდენიმე ხელოვანი, მათ შორის თამუნა ჭაბაშვილი, გრძნობენ, რომ მზა ნამუშევრის გამოფენა აღარ ყოფნით. სჭირდებათ სივრცე, სადაც ნაწარმოების მიღმა არსებული ფიქრი, კითხვა და პროცესი ხილული გახდება. ასე იბადება Public Space With A Roof – ჯგუფი, რომელიც გამოფენას არა როგორც დასრულებულ ნამუშევარს, არამედ როგორც ღია, კოლექტიური აზროვნების სტრუქტურას ეპყრობა.

ოცი წლის შემდეგ თბილისში იგივე საჭიროება ხელახლა იჩენს თავს, ოღონდ სხვა გეოგრაფიულ და პოლიტიკურ რეალობაში. შემცირებული უცხოური დაფინანსება, ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაკლებობა, ეტაპობრივად გამქრალი არაკომერციული პლატფორმები. სწორედ ამ ფონზე იქმნება Tbilisi Air – ხელოვანის მიერ ინიციირებული რეზიდენცია, რომელიც თამუნა ჭაბაშვილის თანახმად, „სასუნთქი სივრცეა“, როგორც სიტყვასიტყვით, ისე სახელწოდების აკრონიმის დონეზე (Artist-led Residency).

Tbilisi Air ნაწილობრივ PSWAR-ის ლოგიკის გაგრძელებაა, ნაწილობრივ – პასუხი იმ რეალობაზე, რომელშიც დღეს ქართული კულტურული ლანდშაფტი ფუნქციონირებს. თამუნა ჭაბაშვილი არ ჰპირდება არც პროდუქტს, არც წინასწარ განსაზღვრულ შედეგს. პირიქით, სთავაზობს ჩარჩოს, რომელშიც კვლევა, გაცვლა და თანამშრომლობა თავად ხდება ფორმა.

რეზიდენცია სექტემბერში იხსნება, თავდაპირველად საცდელ რეჟიმში. პროგრამას ჭაბაშვილი მის ყოფილ სტუდენტთან, ხოლო ახლა  კოლეგა მარი ყალაბეგაშვილთან ერთად აყალიბებს. ხელოვანი ჩვენთან საუბრობს იმაზე, თუ რას ნიშნავს დღეს თბილისში არაკომერციული, კვლევაზე ორიენტირებული პლატფორმის აშენება, და რატომ აღმოჩნდა ეს ერთგვარი თვითგადარჩენის აქტი.

* * *

როგორ და რა ვითარებაში გაჩნდა Tbilisi Air-ის იდეა? იყო ეს კონკრეტული საჭიროება, რომელიც შენს სახელოვნებო პრაქტიკაში დაინახე, თუ მეგობრული კოლაბორაციის ბუნებრივი გაგრძელება?

Tbilisi Air-ის იდეა გაჩნდა როგორც კონკრეტული საჭიროება, რომელიც ჩემს სახელოვნებო პრაქტიკაში გამოიკვეთა – ისეთი სივრცის, მიკროსამყაროს შექმნის აუცილებლობა, რომელიც დაიცავს და გააძლიერებს ჩემთვის, როგორც ხელოვანისა და ლექტორისთვის, მნიშვნელოვან სააზროვნო და სამოქმედო პროცესებს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩემს პირად გამოცდილებას და მასზე დაფუძნებულ პრაქტიკას, რომელიც კვლევაზე, დისკურსის შექმნასა და თანამშრომლობაზეა აგებული, და რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 2003 წელს ამსტერდამში, PSWAR.ORG-ის ფარგლებში ჩაეყარა. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა პრაქტიკა, სადაც ხელოვნება აღარ არის მხოლოდ ნამუშევრების შექმნა, არამედ სივრცის, პირობებისა და ურთიერთობების ორგანიზება.

 

რა სახელოვნებო პრაქტიკაზეა საუბარი და რა არის Public Space With A Roof (PSWAR)?

Public Space With A Roof (PSWAR) დაარსდა 2003 წელს ამსტერდამში, როგორც არტისტების მიერ ინიციირებული პროექტ-სივრცე. ამსტერდამის Gerrit Rietveld Academy-ის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა ვიგრძენით საჭიროება გვეპოვა ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნამუშევრის მიღმა არსებული „სამყაროს“ განხილვა და ამავდროულად, ახალი იდეების, ცოდნისა და კონცეფციების გაცვლა. ამგვარად, PSWAR ჩამოყალიბდა როგორც თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური პრაქტიკის ბუნებრივი განშტოება – ერთგვარი ღია სტუდია, სადაც გამოფენა, კვლევა და დისკურსი ერთიან, უწყვეტ პროცესად იკვეთებოდა.

საწყის ეტაპზე PSWAR ფუნქციონირებდა, როგორც ღია პლატფორმა, რომელიც აწყობდა საჯარო დისკუსიებს ნამუშევრის მიღმა არსებულ პროცესებზე. PSWAR-ისთვის მნიშვნელოვანი იყო თეორიის ჩამოყალიბების მექანიზმებზე დაკვირვება – იმ სტრუქტურებზე, რომლებიც აყალიბებს კონცეპტუალურ არგუმენტებს და ქმნის საფუძველს ახალი ფორმებისა და აზროვნების განვითარებისთვის სახელოვნებო სივრცეში.

ამგვარად, PSWAR-ის პრაქტიკა განვითარდა ხელოვნების, თეორიისა და სოციალური ჩართულობის გადაკვეთაზე, სადაც გამოფენა აღიქმებოდა, არა როგორც დასრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია, არამედ როგორც პროცესის გახსნა. სივრცე ფუნქციონირებდა, როგორც არაკომერციული და ბაზრისგან დამოუკიდებელი პლატფორმა, რაც გვაძლევდა საშუალებას, გაგვერისკა და განგვევითარებინა ახალი იდეები და ფორმები.

პარალელურად, სოლო პრეზენტაციების გარდა, PSWAR ახორციელებდა მასშტაბურ კვლევით პროექტებს, სადაც გამოფენა განიხილებოდა, როგორც მედიუმი, ხოლო სივრცე, როგორც კრიტიკული აზროვნებისა და კოლექტიური წარმოების ადგილი. ამ პროცესში სხვა არტისტების ნამუშევრები ინტეგრირდებოდა, როგორც ციტატები ან რედიმეიდები, რაც მათ ანიჭებდა ახალ კონტექსტს და კომუნიკაციის პლატფორმას. ეს პროექტები ერთმანეთის გაგრძელებად მოიაზრებოდა.

ამ ყველაფრის ფიზიკური გამოხატვის ძირითადი ფორმა იყო არქიტექტურული ინსტალაცია: თითოეული პროექტისთვის იქმნებოდა ადგილ-სპეციფიკური ინსტალაცია. მიზანი იყო ისეთი არტ-ობიექტის შექმნა, რომელიც ერთდროულად თავადაც სივრცედ გარდაიქმნებოდა – სივრცედ, სადაც სხვადასხვა ნამუშევარი და მოსაზრება თანაარსებობდა და იკვეთებოდა. PSWAR იყენებდა ინსტალაციას, როგორც ფიქრის, კრიტიკისა და პროცესის სტრუქტურას, რომელიც თავად გამოფენის მნიშვნელობასაც გარდაქმნიდა.

2008 წლიდან PSWAR გახდა მოძრავი პრაქტიკა – ჯგუფი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა სივრცეში და აწყობს საკუთარ პროექტებს.

 

პროექტის უკან დგახართ შენ, ადი ჰოლანდერი და ვესნა მაჯოსკი. როგორ გადაიკვეთა თქვენი ინტერესები და რა წვლილი შეაქვს თითოეულ თქვენგანს ამ პლატფორმის იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში?

ჩვენი პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება იყო „უცხოს“ (The Other) პერსპექტივიდან დანახული კონტექსტი. PSWAR შეიძლება წაიკითხო  როგორც მიგრანტი ხელოვანების მცდელობა, შეექმნათ საკუთარი სივრცე და პლატფორმა, როგორც საკუთარი ხმების გაძლიერების, ისე საკუთარი ხედვის ფორმულირებისთვის ადგილობრივ კონტექსტთან მიმართებაში. ეს იყო პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა საკუთარი ადგილის პოვნას და დამწყები არტისტების თვითდამკვიდრებას უცხო და უკვე ჩამოყალიბებულ სახელოვნებო გარემოში.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო კონტექსტური ანალიზი და საკუთარი დისკურსის შექმნა იმ რეალობასთან მიმართებაში, რომელშიც ეს პრაქტიკა ვითარდებოდა. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, PSWAR  მუდმივად ცდილობდა არა მხოლოდ ნამუშევრების წარმოებას, არამედ იმ ჩარჩოების გააზრებასაც, რომელშიც ეს ნამუშევრები არსებობდა.

ამ კონტექსტში ამსტერდამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სივრცე იყო – ქალაქი, რომელსაც 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ჰქონდა ღია, ექსპერიმენტული და ალტერნატიული სახელოვნებო სცენა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ეს გარემო ნაწილობრივ შეიცვალა და ინსტიტუციურად უფრო სტრუქტურირებული გახდა, მაინც არსებობდა შესაძლებლობა ალტერნატიული პრაქტიკებისთვის. ჩემთვის პირადად სწორედ იმ ეტაპზე აღმოჩნდა შესაძლებელი მსგავსი ფორმატის მუშაობა – სივრცეში, სადაც შესაძლებელი იყო საკუთარი პრაქტიკის განვითარება, ექსპერიმენტირება და გარკვეული აღიარების მიღებაც.

რატომ Tbilisi Air? რამდენად უკავშირდება ეს სახელი ქალაქის „ჰაერს“, მის ატმოსფეროს, თუ უფრო მეტად Artist-led Residency-ს აკრონიმს?

PSWAR-ის პრაქტიკა არ იყო წინასწარ ჩამოყალიბებული სტრუქტურა, არამედ პასუხი კონკრეტულ პირობებზე – სივრცის, რესურსების და თვითგამოხატვის საჭიროებაზე. საჭიროებამ თავად გააჩინა ჩვენი სახელოვნებო პრაქტიკის ენა. ამ პერსპექტივით, ენა და ფორმატი ერთდროულად იბადებოდა იმ რეალობაში, რომელშიც ვმუშაობდით.

ამდენი წლის შემდეგ კვლავ გაჩნდა ჩემში მსგავსი მიდგომის საჭიროება, ერთგვარი თვითგადარჩენის, სასუნთქი სივრცის (Tbilisi Air) და ექსპერიმენტული პლატფორმის დაფუძნების დაუოკებელი სურვილი. ეს საჭიროება უკავშირდება, ერთი მხრივ, ფინანსურ შეზღუდვებს და ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაკლებობას, ასევე იმ იზოლაციურ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ პირობებს, რომელიც დღეს საქართველოში კულტურულ ლანდშაფტს ქმნის. ეს პირობები არასდროს ყოფილა სრულად განვითარებული და ხშირად ალტერნატივად უცხოური გრანტების მხარდაჭერის სისტემები ფუნქციონირებდა, რაც გარკვეულწილად ანაზღაურებდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებებს.

ამ მხარდაჭერის შემცირებამ და შეზღუდვამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოავლინა არაკომერციული სახელოვნებო პრაქტიკების განვითარებისთვის საჭირო სივრცეების დეფიციტი, ან უკვე არსებული პლატფორმების ეტაპობრივი დახურვა გრძელვადიანი დაფინანსების არარსებობის გამო. შედეგად, რჩება მხოლოდ კომერციულ მიმართულებაზე ორიენტირებული შესაძლებლობები.

ამგვარად, PSWAR-ის გამოცდილება და დღევანდელი რეზიდენციის იდეა ერთმანეთთან არის დაკავშირებული – ერთი და იმავე ლოგიკის გაგრძელება, სადაც პრაქტიკა მუდმივად ჩნდება საჭიროებიდან და არა წინასწარ განსაზღვრული სისტემიდან.

 

რეზიდენცია „გაცვლასა და თანამშრომლობაზეა“ ორიენტირებული. მხოლოდ უცხოელი ხელოვნების ჩამოსვლას გულისხმობთ თუ იგეგმება ქართველი არტისტების გაგზავნაც საერთაშორისო პლატფორმებზე?

ჩემი პრაქტიკის საფუძველზე, ჩემი მთავარი „კაპიტალია“ ცოდნა, გამოცდილება და ინტერესები, რომლებიც მამოძრავებს. სწორედ ამ რესურსს ვთავაზობ უცხოეთიდან ჩამოსულ ხელოვანებს, სანაცვლოდ მათი რეფლექსიების, სტრატეგიებისა და უნარების გაზიარებისთვის საქართველოს კონტექსტთან მიმართებაში.

ამ პროცესში რესურსი იქმნება ადგილობრივი ხელოვანებისთვისაც, რადგან ჩნდება ახალი პროფესიული კავშირები, კოლაბორაციის შესაძლებლობები და გაცვლის სივრცე. მიზანია ლოკალური ხედვის გაფართოება „უცხოს“ პერსპექტივის გავლით და დიალოგის განვითარება.

რეზიდენცია არ არის პროდუქტზე ორიენტირებული პლატფორმა. მისი მთავარი ფოკუსია კვლევა, აღმოჩენა, გაცვლა და თანამშრომლობა. ეს არის ექსპერიმენტული სივრცე, რომლის შედეგიც წინასწარ განსაზღვრული არ არის. ამ ეტაპზე ერთადერთი მკაფიო ჩარჩო არის ჩემი, როგორც ხელოვანის, მიდგომა – მოიზიდოს გაბედული და კვლევაზე ორიენტირებული ხელოვანები და შექმნას მათთვის შესაბამისი პირობები.

Passages Through (the Unfinished Monument) — Public Space With a Roof (PSWAR)-ის პუბლიკაცია, დიზაინი: Roma Publications (2010), ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

თქვენს აღწერაში თბილისს განიხილავთ როგორც „past and present, structure and improvisation“. როგორ ეხმარება რეზიდენცია ჩამოსულ სტუმარს, რომ თბილისის ეს რთული ხასიათი თავის კვლევაში გარდასახოს?

რეზიდენცია არ ცდილობს თბილისის „ახსნას“ ან წინასწარ დალაგებული ჩარჩოს მიწოდებას სტუმარი ხელოვანისთვის. პირიქით, ის ქმნის პირობებს, სადაც ქალაქის რთული ხასიათი თავად გამოცდილებაში იშლება და კვლევის მასალად იქცევა.

თბილისი აქ განიხილება როგორც სივრცე, სადაც წარსული და აწმყო, ფორმალური სტრუქტურები და იმპროვიზაციული პრაქტიკები ერთდროულად თანაარსებობს. რეზიდენცია სწორედ ამ მრავალშრიანობასთან პირდაპირ კონტაქტს უწყობს ხელს. არა როგორც დაკვირვების ობიექტთან, არამედ როგორც ცოცხალ პროცესთან, რომელშიც ხელოვანი თვითონ ერთვება.

სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა იმუშაოს ადგილობრივ სახელოვნებო და სოციალურ ქსელებთან, არაფორმალურ გარემოებთან და ყოველდღიურ პრაქტიკებთან. ამ გზით ქალაქი არ რჩება ფონად, არამედ ხდება კვლევის ნაწილი – მასალა, რომელიც იკრიბება შეხვედრებით, გამოცდილებებით და სიტუაციური ურთიერთობებით.

შედეგად, თბილისის „რთული ხასიათი“ არ გადაიქცევა მზა კონცეფციად, არამედ ყალიბდება ერთგვარ პროცესად – მუდმივად ცვალებადი ურთიერთობა ადგილს, დროსა და პრაქტიკას შორის, რომელსაც თავად ხელოვანმა უნდა აუღოს ალღო და განავითაროს.

კონკრეტულად რა შესაძლებლობებს უხსნის ეს სივრცე ლოკალურ ხელოვანებს? იქნება ეს მხოლოდ ფიზიკური სამუშაო ადგილი, თუ უფრო ინტელექტუალური და პროფესიული HUB-ი? როდის უნდა ველოდოთ პირველი რეზიდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს ან კვლევის პრეზენტაციებს?

ამ ეტაპზე მე ასე ვხედავ ჩემს მიზანს – ისეთი ეკოსისტემის შექმნას, სადაც ნებისმიერი რესურსი (იქნება ეს ხელოვანი, ფინანსური მხარდაჭერა, თანამშრომლობა თუ ახალი კონტაქტების გაჩენა) გააფართოებს როგორც ჩემს, ისე ჩემი კოლეგების სამუშაო შესაძლებლობებს და პრაქტიკას. ამგვარად, სივრცე არ ფუნქციონირებს, მხოლოდ როგორც ფიზიკური ადგილი, არამედ როგორც ურთიერთდაკავშირებული პრაქტიკების ქსელი, სადაც რესურსი, ცოდნა და თანამშრომლობა ერთიან სისტემად ყალიბდება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეზიდენციის სათავეში ჩემთან ერთად დგას ჩემი ყოფილი სტუდენტი, VAADS-ის კურსდამთავრებული, ამჟამად კი ჩემი მეგობარი და კოლეგა – მარი ყალაბეგაშვილი. მასთან ერთად ვაყალიბებ პროგრამას. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თაობებს შორის დიალოგი, მუდმივი რეფლექსია, სიახლის მიმართ ღიაობა და ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესს ბუნებრივად თან სდევს.

რეზიდენცია სექტემბრიდან იწყებს საცდელ პერიოდს. მსურველებს შეუძლიათ თვალი გვადევნონ ვებგვერდზე და ინსტაგრამზე.

რა იქნება შენთვის იმის ნიშანი, რომ Tbilisi Air-მა თავისი მისია შეასრულა?

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი ჩემთვის არის კოლეგების და სახელოვნებო გარემოს მხრიდან სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ იდეის მიმართ. ეს უკვე თავისთავად მიუთითებს ინიციატივის საჭიროებასა და აქტუალობაზე.

რაც შეეხება შედეგს – ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, რადგან ეს არის ექსპერიმენტი, რომლის მნიშვნელობაც დროში და პრაქტიკაში უნდა გამოიკვეთოს. დანარჩენს კი, როგორც ყოველთვის, დრო და თავად პროცესის განვითარება გვაჩვენებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.