დიდი ლიტერატურული ფორუმი – თბილისის იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი დასრულდა
ავტორი: მათე წიკლაური
11-15 მაისს თბილისმა დიდ ლიტერატურულ ფორუმს უმასპინძლა. პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი დასრულებულია. ამ დღეებმა ერთ სივრცეში გააერთიანა თანამედროვე ესპანურენოვანი ავტორები, მთარგმნელები და გამომცემლები. სტუმრები მოწვეულნი იყვნენ ესპანეთიდან, ვენესუელიდან, კუბიდან, პერუდან და მექსიკიდან.
ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ქართველ მკითხველს შეეძლო დასწრებოდა კინოჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მოესმინა და მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე თანამედროვე ლიტერატურულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ლიტერატურისათვის სამი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ითარგმნა. სარა მესას „სიყვარული“, ხუან კარლოს მენდეს გედესის „შავი ქვიშა“ და დავიდ ტოსკანას „ქალაქი, რომელიც ეშმაკმა წაიღო“ ესპანურენოვანი სამყაროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია, მათი ქართულ ენაზე თარგმნა კი დიდი საჩუქარი მკითხველებისთვის.
ფესტივალის მთავარი მიზანი, გაეღრმავებინა ლიტერატურულ-კულტურული კავშირები საქართველოსა და იბეროამერიკულ სამყაროს შორის, შესრულებულია. ლიტერატურული დისკუსიებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გარდა, ფესტივალმა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ესპანურენოვანი თარგმანიც გაგვაცნო, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული აუდიტორიისათვის.
თბილისურმა ფორუმმა ერთი დღით წინანდლის მამულში გადაინაცვლა და სტუმრებს ძალიან საინტერესო ლექციების მოსმენის საშუალება მისცა ლათინო-ამერიკულ ლიტერატურაზე. ამას თან სდევდა ესპანურენოვანი პოეზიის საღამო და ეროვნული კლასიკური თეატრის დასის სპეციალური წარმოდგენა.
როგორც ყველასთვის ცნობილია, სამყარომ 2025 წელს თანამედროვეობის უდიდესი მწერალი – მარიო ვარგას ლიოსა დაკარგა. საქართველოში მისი არაერთი რომანის შესახებ გვსმენია. საგულისხმოა, რომ მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედება ესპანურიდან თარგმნა და ქართველ მკითხველს სწორედ ფესტივალის ორგანიზატორმა ლანა კალანდიამ გააცნო.
იბეროამერიკულმა ფესტივალმა ეს დიდი ლიტერატურული ფორუმი 15 მაისს მარიო ვარგას ლიოსასადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამოთი დაასრულა, ამას მოჰყვა ესპანეთის ნაციონალური კლასიკური თეატრის დასის პერფორმანსი.
ფესტივალის წარმატებით დაგვირგვინებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა საქართველოს ადგილი მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე, გააღრმავა ესპანურენოვანი სამყაროსა და საქართველოს კულტურული ურთიერთობები და კიდევ ერთ დიდ ტრადიციას დაუდო სათავე.
426 total views, 2 views today








