fbpx

გალერეა „ნოვო“ წარმოგიდგენთ როკო ირემაშვილის სოლო ექსპოზიციას


გააზიარე სტატია

„ვერასდროს დამიჭერთ“ – ეს ორაზროვანი ფრაზა გამოფენის მთავარი გამოწვევაც არის და მისი მთავარი ილუზიაც. როკო ირემაშვილის პერსონალური ექსპოზიცია წარმოადგენს თანამედროვეობის აბსურდისა და ადამიანური სიმყიფის მწვავე ილუსტრაციას. ავტორი ზუსტად და შეულამაზებლად აფიქსირებს იმ სულიერ და ფიზიკურ წინააღმდეგობებს, რომლებშიც თანამედროვე ადამიანია გამოკეტილი.

მხატვრის შემოქმედებაში ნიჰილიზმი და ეგზისტენციალური დეზორიენტაცია დღევანდელობის ყოველდღიური სინამდვილეა. მონუმენტურ ფერწერულ ტილოებზე აღბეჭდილი სამყარო სავსეა ტრაგედიით და პროვოკაციული ირონიით, რომელიც ექსპრესიითა და გროტესკით არის გამოხატული.

ცინიზმი და ირონია მხატვრისთვის თავდაცვის მექანიზმიც არის, იარაღიც და ნიღაბიც – ხშირ შემთხვევაში საშუალება, რის გარეშეც გადარჩენა წარმოუდგენელია. მასშტაბური ტილოების წინაშე პირისპირ დარჩენილი მაყურებელი მალევე აცნობიერებს პროცესის შეუქცევადობას. მკვეთრი ფერებისა და ირონიული ტექსტების უკან ღირებულებებისა და წარმოდგენების ნგრევის მუდმივი პროცესი იმალება.

ამ მრავალშრიან მოცემულობაში ადამიანი დაუსრულებლად ეძებს თავის ადგილს, ებღაუჭება გაუფასურებულ ვექტორებს, ცდილობს მოირგოს ყალბი იდილია, რომელიც იმთავითვე განწირულია.

 

სივრცეში გაშლილი ეს სერია ზუსტად ასახავს ადამიანის შინაგანი დინამიკის სირთულეს – სისუსტისა და ძალაუფლების, ნგრევისა და შენების მუდმივ მონაცვლეობას.

როკო ირემაშვილის ძლიერი შინაგანი მუხტითა და მძაფრი ექსპრესიულობით გაჯერებული შემოქმედება მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ის ძალიან ზუსტად და ნათლად გვახედებს ეპოქის სახესა და გამოწვევებში, რომლის გმირებიც ჩვენ თავად ვართ.

  • გამოფენა გაგრძელდება 8 ივნისამდე.                                                                                     
  • გალერეა მუშაობს ყოველდღე, 13:00-იდან 19:00-მდე.                                                         
  • დასვენების დღე – ორშაბათი                                                                                              
  • მისამართი – სიმონ ჯანაშიას N13 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.