fbpx

ეკრანი, როგორც ახალი ტილო


გააზიარე სტატია

2023 წლის ზამთარში ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) ფოიეში ერთი კედელი მუდმივად მოძრაობდა.  რეფიკ ანადოლის ნამუშევარში, სათაურით Unsupervised, ანადოლმა და მისმა სტუდიამ ტრადიციული მედიუმების (საღებავი, ტილო, ქანდაკება) ნაცვლად მასალად გამოიყენეს ციფრული მონაცემები (Data). მათ ხელოვნურ ინტელექტს „მიაწოდეს“ MoMA-ს გიგანტური არქივი – 200,000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშის მეტამონაცემები (სურათები, ტექსტები, აუდიო ფაილები), რომელიც მოიცავს ყველაფერს პიკასოდან და ვან გოგიდან დაწყებული, თანამედროვე ციფრულ ვიდეო-არტამდე.

გამოფენის სათაური პირდაპირ მიანიშნებს ტექნოლოგიურ პროცესზე. ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიყენა ალგორითმები, რომლებიც ადამიანის კურატორობისა და წინასწარი მითითებების („ზედამხედველობის“) გარეშე, დამოუკიდებლად ახდენდნენ კოლექციის სორტირებას, კლასიფიკაციასა და ანალიზს. მანქანამ თავად იპოვა ფარული კავშირები, ფორმები და ფერების გარდამავლობები სხვადასხვა ეპოქისა და სტილის არტისტებს შორის.

გიგანტურ (დაახლოებით 7×7 მეტრის) ეკრანზე მნახველი ხედავს არა რეალურ ნახატებს, არამედ მათ ბაზაზე გენერირებულ, მუდმივად ცვალებად, თხევად და ჰიპნოზური სტილის აბსტრაქციებს. ანადოლი ამას უწოდებს მანქანურ ჰალუცინაციებს (Machine Hallucinations) ან სიზმრებს. ეს არის ვიზუალიზაცია იმისა, თუ როგორ „ახსოვს“ და როგორ ხედავს ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის ხელოვნების ისტორიას.

ეს არ არის წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ან ანიმაცია. გამოსახულება იქმნება ცოცხლად, ყოველ წამს, და ის არასოდეს მეორდება. ნამუშევარი სპეციალური სენსორების საშუალებით რეაგირებს მუზეუმის ლობის გარემო პირობებზე: მნახველთა მოძრაობასა და სიმრავლეზე; დარბაზში არსებულ ხმაურსა და აკუსტიკაზე; სინათლის ცვლილებასა და მანჰეტენის მიმდინარე ამინდზეც კი. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ცვლის ალგორითმის „ხასიათს“, რაც გავლენას ახდენს ციფრული მასის დინამიკაზე, ფერებსა და სიჩქარეზე.

Unsupervised – ეს არის მცდელობა, ცივი, სტატიკური ციფრული მონაცემები გარდაიქმნას ცოცხალ, ემოციურ და ესთეტიკურ ხელოვნებად. კონცეფცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას არა მხოლოდ ასლი გააკეთოს,  არამედ სრულიად ახალი სიცოცხლე და ფორმა შესძინოს კულტურულ მემკვიდრეობას, სადაც ხელოვნური ინტელექტი ხელსაწყოდან დამოუკიდებელ შემოქმედად გარდაიქმნება.

მაგრამ ყველაზე საინტერესო Unsupervised-ში ის კი არ  იყო, რომ MoMA-ში ეკიდა. ასევე საინტერესო იყო ის, რომ  ერთდროულად სხვაგანაც არსებობდა – ციფრულ პლატფორმებზე, კოლექციონერების ეკრანებზე, ვინც მისი ფრაგმენტები შეიძინა. ფიზიკური და ციფრული ვერსიები ერთმანეთს კი არ ეჯიბრებოდნენ, არამედ ავსებდნენ.

წარმოიდგინე: ადრე, მაგალითად, პიკასოს ან ბრაკის ტილოს მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა და ის სადღაც, ერთ კონკრეტულ კედელზე ეკიდა. ახლა კი ტოკენების (NFT) დახმარებით ყველაფერი შეიცვალა. ეს ნამუშევარი პატარ-პატარა ციფრულ ნაწილებად, ერთგვარ უნიკალურ კოდებად დაიყო. ანუ შენ შეგიძლია იყო ამ გიგანტური, ცოცხალი ორგანიზმის ერთი კონკრეტული წამის ან პიქსელების ჯგუფის კანონიერი მფლობელი. ციფრული სივრცეები და პლატფორმები ეკრანს სრულიად ახალ ტილოდ აქცევენ. აქ მფლობელობა აღარ ნიშნავს სურათის სეიფში ჩაკეტვას – შენი ნაწილი შენს ეკრანზე ცოცხლობს, სხვისი – მის ეკრანზე და თან ეს ყველაფერი მაინც ერთი დიდი, გლობალური, მუდმივად მოძრავი ხელოვნების ნაწილია.

თუმცა, ეს ტრანსფორმაცია ერთ ღამეში არ მომხდარა. ჯერ კიდევ 60-იან წლებში უნგრელ-ფრანგი მხატვარი ვერა მოლნარი ადრეულ კომპიუტერებს გეომეტრიული ფიგურების ხატვას ასწავლიდა – საქმე, რომელიც მაშინ უცნაურ ექსპერიმენტად ჩანდა, დღეს მთელი ციფრული ხელოვნების სათავედ ითვლება. უკვე 90-იან წლებში, როცა ინტერნეტი მასობრივი მოვლენა გახდა, დაიბადა მოძრაობა Net.art. ამ მოძრაობამ ვებგვერდი არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმად, არამედ თავად ხელოვნების ნამუშევრად აქცია.

სანამ არტისტები იკვლევდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა კოდი და პიქსელი შემოქმედების ახალ იარაღად ქცეულიყო, პარალელურად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძვრა მწიფდებოდა. ეკრანის პოტენციალი მხოლოდ ახალი ხელოვნების შექმნით არ შემოიფარგლებოდა; ტექნოლოგიურმა პროგრესმა გააჩინა კითხვა: თუ ინტერნეტი ფიზიკურ საზღვრებს შლის, რატომ უნდა იყოს კლასიკური ხელოვნება მხოლოდ კონკრეტული მუზეუმის კედლებისა და გეოგრაფიული ლოკაციების ტყვეობაში?

სწორედ ამ იდეამ განაპირობა ის, რომ 1994 წელს ფრანგმა პროგრამისტმა ნიკოლა პიომმა პირველი ვირტუალური მუზეუმი – WebLouvre შექმნა, სადაც ლუვრის კოლექციის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს საკუთარ ეკრანზე შეეძლო. პროექტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ თავად ლუვრის მოთხოვნით, მას სახელი შეეცვალა და WebMuseum დაერქვა. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ბიუროკრატიული წვრილმანია, მაგრამ მასში მომავალი დაპირისპირების ნაპერწკალი ჩანდა: ფიზიკურმა ინსტიტუციამ მაშინვე იგრძნო, რომ ეკრანი უბრალოდ ვიტრინა არ იყო, ის უკვე რეალურ კონკურენტად იქცა.

დღეს, ოცდაათი წლის შემდეგ, ეს დაძაბულობა პირდაპირ კონფლიქტში აღარ გამოიხატება. ის უფრო თანაცხოვრებად გადაიქცა, ხან ჰარმონიულად მშვიდად, ხანაც საკმაოდ მწვავედ.

დღევანდელი ლანდშაფტი

დღეს ციფრული პლატფორმები ტრადიციულ საგამოფენო დარბაზებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. Art Blocks გენერაციული ხელოვნების მთავარ პოდიუმად იქცა, სადაც ალგორითმები რეალურ დროში ქმნიან მუზეუმის დონის ნამუშევრებს, SuperRare ციფრული ხელოვნების ერთგვარ „მაღალ მოდად“ ჩამოყალიბდა, ხოლო ისეთი სივრცეები, როგორიცაა Feral File და Outland, კოდით დაწერილ ხელოვნებას ახალ, კურატორულ სიცოცხლეს სძენენ.

სწორედ ეკრანისა და ალგორითმის სინთეზმა მოგვცა შესაძლებლობა, სრულიად სხვა თვალით შეგვეხედა შემოქმედებითი პროცესისთვის. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კეისი რისი – გენერაციული ხელოვნების პიონერი და Feral File-ის თანადამფუძნებელი. მან ჯერ კიდევ წლების წინ შექმნა ვიზუალური პროგრამირების ენა (Processing), რომელმაც კოდი ხელოვანებისთვის სრულფასოვან სახატავ ინსტრუმენტად აქცია. დღეს კი მისი პლატფორმა ამტკიცებს, რომ ციფრულ გამოფენას ისეთივე ღრმა კონცეპტუალური და კურატორული მიდგომა სჭირდება, როგორიც ნებისმიერ ფიზიკურ გალერეას.

ამ ლანდშაფტში განსაკუთრებული ადგილი სწორედ გენერაციულ ნამუშევრებს უჭირავს. აიღეთ, მაგალითად, დიმიტრი ჩერნიაკის საკულტო სერია Ringers ან ტაილერ ჰობსის Fidenza. ჩერნიაკის შემთხვევაში, ალგორითმი იკვლევს, თუ რამდენი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი თოკის შემოხვევა წერტილების გარშემო. ყოველი ახალი ჩართვისას იბადება აბსოლუტურად ახალი, უნიკალური კომპოზიცია.

ასეთი ნამუშევრის ფიზიკურ კედელზე ერთი კონკრეტული სურათის სახით ჩამოკიდება უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ის არ არის ერთი ობიექტი. ის ალგორითმული უსასრულობაა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა: ციფრულმა გალერეამ არა მხოლოდ ფიზიკური ნამუშევრების ციფრული ასლები მოგვცა, არამედ შექმნა სივრცე ისეთი ხელოვნებისთვის, რომელსაც ეკრანის გარეშე სხვა ფორმაში არსებობა უბრალოდ არ შეუძლია.

და საბოლოოდ, სწორედ აქ იკვრება წრე. ის, რაც MoMA-ს კედელზე ჰიპნოზური „მანქანური სიზმრით“ დაიწყო, ახლა თითოეული ჩვენგანის ეკრანზე გრძელდება. ეკრანი აღარ არის მხოლოდ კოდისა და პიქსელების ცივი ვიტრინა – მის მიღმა სრულიად ახალი, დამოუკიდებელი სიცოცხლე ფეთქავს. სიცოცხლე, რომელიც გვეუბნება, რომ ხელოვნების მომავალი ფიზიკურ საზღვრებსა და ჩაკეტილ სივრცეებში კი არა, სწორედ ამ მუდმივად მოძრავ, ალგორითმულ უსასრულობაშია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.