გიორგი ჭანკოტაძის პერსონალური გამოფენა „მუზაში“ – რეალურისა და ილუზორულის მიჯნაზე
ავტორი: ანი თენიეშვილი
27-იდან 29 მაისის ჩათვლით მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრი „მუზა“ გიორგი ჭანკოტაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები წარმოადგენს სივრცით ინსტალაციებს, სადაც ფიზიკური ფორმა, სინათლე და მოძრაობა ერთიანდება ერთ მთლიან გარემოდ. ავტორის ხედვით, ნამუშევრები არ განიხილება მხოლოდ როგორც ცალკეული ობიექტები, ისინი ქმნიან სივრცეს, რომელშიც მაყურებელი შედის, მოძრაობს და თავად ხდება ამ გარემოს ნაწილი.
ექსპოზიციის ერთ-ერთი მთავარი აქტორი სინათლეა, რომელიც აქ არ არის მხოლოდ ტექნიკური განათება, ის მოქმედი ელემენტია, რომელიც ცვლის ფორმას, სიღრმეს, ტექსტურას და მთლიან აღქმას. ზოგჯერ ის ხაზს უსვამს ზედაპირის სიმკვეთრეს, ზოგჯერ კი პირიქით, ფორმებს ნაწილობრივ აქრობს და მათ უფრო ილუზორულ მდგომარეობაში გადაიყვანს. შედეგად, ვიღებთ მდუმარე გარემოს, სადაც რეალური და ილუზორული სივრცეები ერთმანეთში ირევა და მაყურებელი ხედავს მუდმივად გარდამავალ მდგომარეობას. ეს არის სივრცე, სადაც დრო თითქოს ნელდება და ადამიანი უფრო ინტუიციურ, შინაგან აღქმაში გადადის.
გამოფენის გახსნის წინ AT.ge არტისტს ახალი სერიის კონცეფციასა და სამუშაო პროცესზე ესაუბრა.
ინტერვიუ გიორგი ჭანკოტაძესთან
- თქვენს ნამუშევრებში ვხედავთ ძალიან მკვეთრ, თითქმის დრამატულ კონტრასტს – გლუვი, იდეალურად დამუშავებული მეტალური ზედაპირები უპირისპირდება ფოროვან, ორგანულ, თითქმის „ნაგლეჯ“ ტექსტურებს. რა კონცეპტუალური დატვირთვა აქვს თქვენთვის ამ დაპირისპირებას, ეს ბუნებისა და ტექნოლოგიის სინთეზია თუ პირიქით – მათი კონფლიქტი?
გიორგი ჭანკოტაძე: ეს არის უფრო ბუნებრიობის და ტექნოლოგიების სინთეზი. როგორც ბუნებაში ხდება, სეზონები რომ ენაცვლებიან ერთმანეთს, ასევე ქანდაკებაში ენაცვლება ერთმანეთს გლუვი და ფოროვანი ფორმები, რომლებიც ქმნის სიცოცხლის შთაბეჭდილებას.
- სინათლე თქვენს ქანდაკებებში არ არის უბრალოდ გარე განათება, ის ნამუშევრის შიგნიდან მოდის და ქმნის განცდას, რომ სკულპტურა ცოცხალია და პულსირებს. როგორ უდგებით სინათლეს მუშაობის პროცესში და რა როლი აქვს მას ობიექტის ემოციურ გაცოცხლებაში?
გიორგი ჭანკოტაძე: ჩემი ინსტალაციების განათება არ არის მხოლოდ განათება. ნამუშევრები თავად არის ფიზიკურად არსებული, სტაბილური ფორმები, თუმცა განათება მათზე ერთგვარ ილუზიას ქმნის. სწორედ სინათლის საშუალებით ეს უცვლელი ფორმები მაყურებლის თვალში არასტაბილურ, გარდამავალ მდგომარეობაში გადადის – თითქოს ფორმა მუდმივად იცვლება, იშლება ან ახალ სახეს იძენს. ამგვარი ნამუშევრები ჩემთვის საინტერესოა იმიტომ, რომ ისინი ქმნის დროებით და მერყევ რეალობას, სადაც მაყურებელი ერთდროულად ხედავს როგორც რეალურ ფიზიკურ ობიექტს, ასევე მის სინათლით გარდაქმნილ, თითქმის არამატერიალურ მდგომარეობას.
- ფორმები, რომლებსაც ქმნით, ერთდროულად გვაგონებს მიკროსკოპულ უჯრედებს, ღრმა ოკეანის ფლორას, აბსტრაქტულ ანატომიას და რაღაც არამიწიერს. საიდან იღებს სათავეს ეს სპეციფიკური ვიზუალური ენა? რამდენად იკვლევთ შეგნებულად ბიოლოგიურ ან გეოლოგიურ სტრუქტურებს?
გიორგი ჭანკოტაძე: კოროზიის ეს მომენტები ჩემს ბოლო ნამუშევრებში ერთგვარ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს იმ პერიოდისა, როდესაც ქვაზე ვმუშაობდი. მაშინ ხშირად ვხვდებოდი ქვისა და ქვიშის სტრუქტურებში დროსა და გარემოს მიერ შექმნილ კოროზიულ ფორმებსა და დაზიანებებს. სწორედ ამ ტექსტურებმა და ბუნებრივად წარმოქმნილმა ცვლილებებმა დატოვა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება. ისინი ჩემთვის არა მხოლოდ მატერიალური კვალი, არამედ დროის, გარდაქმნისა და გარემოს ზემოქმედების ვიზუალური გამოხატულება გახდა. ამ გამოცდილების ნაწილი დღემდე გადმომყვა ინსტალაციებში, თითქოს იმ წარსული პროცესების ფრაგმენტები ახალ ფორმებში ინახება და ახალ ნამუშევრებში სხვა ვიზუალური ენით განაგრძობს არსებობას.
- მსგავსი რთული, დეტალიზებული და ფოროვანი სტრუქტურების შექმნა დიდ ტექნიკურ სირთულეებთან უნდა იყოს დაკავშირებული. როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი – თავიდანვე ზუსტად იცით, როგორი იქნება თითოეული ხაზი და ფორი, თუ მატერია თავად გკარნახობთ ფორმას და ტოვებთ ადგილს შემთხვევითობისთვის?
გიორგი ჭანკოტაძე: თავიდან არ მაქვს ზუსტად განსაზღვრული ფორმების რაოდენობა, მათი სიმაღლე და სიგანე. ვხელმძღვანელობ კომპოზიციური საჭიროებით – რამდენსაც მოითხოვს სივრცე და ვიზუალური სტრუქტურა.
- როდესაც დამთვალიერებელი შევა „მუზას“ სივრცეში და ამ სკულპტურებთან მარტო დარჩება, როგორი გინდათ, რომ იყოს მათი პირველი ინტერაქცია? არის რაიმე კონკრეტული შეგრძნება ან განწყობა, რისი გამოწვევაც გსურთ?
გიორგი ჭანკოტაძე: ჩემი მიზანი ინსტალაციებში არის მაყურებლის ყოველდღიური რეალობიდან გამოყვანა და სხვა, ალტერნატიულ სივრცეში გადაყვანა. როდესაც ვიყენებ სხვადასხვა მასალას, სტრუქტურას და სინათლეს, იქმნება სივრცე, რომელსაც ადამიანი გადაჰყავს სხვა რეალობაში. ხშირად ხდება, რომ ადამიანები ინსტალაციაში გეგმავდნენ მოკლე დროით დარჩენას, მაგრამ საბოლოოდ რჩებიან ბევრად დიდხანს, რადგან სივრცე მათთვის გადადის სხვა გამოცდილებაში – თითქმის სიურრეალისტურ მდგომარეობაში, თითქოს ისინი აღმოჩნდნენ სხვა სამყაროში ან სხვა დროით რეალობაში. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, შევქმნა გამოცდილება, რომელიც მაყურებელს გამოიყვანს ყოველდღიურობის ჩარჩოებიდან და აჩვენებს იმას, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არასდროს უნახავს.
- ეს პერსონალური გამოფენა თქვენი შემოქმედების გარკვეული ეტაპის შეჯამებაა. თუ დააკვირდებით თქვენს ადრეულ ნამუშევრებს და ახლა ამ სერიას, რა არის ის მთავარი ევოლუციური ნახტომი ან ახალი კითხვა, რაზეც ახლა მუშაობთ? რა შეიცვალა თქვენს ხედვაში, როგორც მოქანდაკის?
გიორგი ჭანკოტაძე: ჩემი პირველი პერიოდის ნამუშევრებში ვმუშაობდი უფრო ტრადიციულ მასალებთან – მარმარილოსთან, გრანიტთან და სხვა კლასიკურ ფორმებთან. დღეს კი ჩემი პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა: ვირჩევ ექსპერიმენტულ მასალებს, რომლებიც ადრე საერთოდ არ გამომიყენებია ან თითქმის არ გამოიყენებოდა მსგავს კონტექსტში. ამასთან ერთად პროცესში დაემატა განათება, დინამიკა და მოძრაობა, ელემენტები, რომლებზეც წინა ეტაპზე არც ვფიქრობდი. ახლა ეს ყველაფერი ერთად ქმნის უფრო ცოცხალ, გარდამავალ და მრავალშრიან ვიზუალურ გამოცდილებას.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია 27, 28 და 29 მაისს, კუს ტბის შესახვევი N1-ში მდებარე კულტურის ცენტრ „მუზაში“.







