თვალი, სხეული და საგნები ამირ კაკაბაძის მეტამორფოზებში
TAF – თბილისის არტ ფეარის მე-11 პავილიონის ერთ-ერთი განყოფილება თავისი დიზაინით კლასიკური სამუზეუმო ფორმატის ფრაგმენტად აღიქმებოდა და წარმოადგენდა რამდენიმე ექსპონატს ამირ კაკაბაძის (1941-2015) მემკვიდრეობიდან. ექსპოზიცია მკაფიოდ ელეგანტური და ლაკონიური იყო, რაც მოულოდნელობა არ ყოფილა წარმდგენის ფაქტორის გათვალისწინებით, – საუბარია დავით კაკაბაძის ფონდზე.
TAF – ის სტუმრებისთვის ეს იყო იმ მხატვრის გახსენების და ხელახლა დაფასების შესაძლებლობა, რომლის შემოქმედება მოდერნისტული მხატვრობის ზოგადი ისტორიის პერსპექტივიდან სუბიექტური და ორიგინალური ხედვების საერთაშორისო კოლექციის ნაწილია. დაფარულის დანახვა და ხედვის ხაზგასმულად ავთენტური მოდელის დემონსტრირება ამირ კაკაბაძეს უცვლელი სტილის დაცვითა და გამორჩეული არტისტული მანერით ეხერხებოდა სიცოცხლეში, რასაც სრული სისავსით ინარჩუნებენ მისი მხატვრული მემკვიდრეობის ნიმუშები. მისი მხატვრობა ერთგვარი მიძღვნაა სიურრეალიზმის ძიებებისადმი, – მოდერნისტული ცნობიერების ერთ-ერთი ცენტრალური თემის მხატვრული კვლევაა, სადაც ინტერესის საგანი ირაციონალური, საზარლისა და მომხიბლავის ზღვარზე მყოფი, უცნაური და სიზმრისეულია და თითოეული ეს კომპონენტი განსაზღვრავდა მისი, როგორც ხელოვანის, ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ დეტალს.
ამირ კაკაბაძის შემოქმედება მდიდარ წარმოსახვასა და რთულ წინააღმდეგობებს აერთიანებს. მის ნამუშევრებში პედანტურად შესრულებული დეტალები არასდროს არის თვითმიზანი, მხატვრის ინტერესს ის პროცესი წარმართავს, როცა მატერიალური სამყაროს გადატვირთული აღწერები კარგავენ საყრდენს და იცვლიან ბუნებას. ის სანოტო ალბომების ფურცლებზე გამოსახავს სიურრეალისტურ ფანტაზიებს, რომლებშიც ანატომიური ფრაგმენტები ფლორის ამოუწურავ შესაძლებლობებს ერწყმის; აგებს ობიექტებს, სადაც დადაისტური რედიმეიდი თანაარსებობს სიმბოლისტური მხატვრობის ალუზიებთან. თვითპრეზენტაციისთვის ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში უბრუნდებოდა ავტოპორტრეტის ჟანრს და დამკვირვებელი თვალით დანახულ ქაოსს ზოგჯერ შორი მანძილიდან გამოსახავდა, ხან კი მასში იძირებოდა. როგორც დავით კაკაბაძის მემკვიდრემ, მან გააგრძელა ტრადიცია, რომელიც მხატვარი-მეცნიერის რენესანსული მოდელის თანამედროვე ვერსიას უკავშირდება და ამავე დროს, იპოვა სრულიად განსხვავებული მხატვრული ხედვის გზები.
ამირ კაკაბაძე ერთ-ერთი პირველია ქართველ მხატვრებში, ვინც დადასა და სიურრეალიზმს დროითი დისტანციიდან შეხედა და ზოგადი ისტორიული გამოცდილება ახალი დროის პერსონალური შინაარსით შეავსო, ერთგვარად გააცოცხლა თანამედროვე მსჯელობისთვის. მისი ნამუშევრების აღმქმელი ხედავს ვიტრუვიანელი კაცის დაუსრულებელ მეტამორფოზებს, – ამოუცნობ დინებებში მოგზაურ თვალს, სხეულს, საგნებს, მინიშნებებს უკვე არსებულ ცოდნაზე. შთაბეჭდილება კი ყოველთვის მოულოდნელი, ხშირად დამზაფრავი და ფსიქოლოგიური შეგრძნებების გამააქტიურებელია.
ამირ კაკაბაძის თვალი მატერიის ტრანსფორმაციებს მისდევს და მათ სქემებად ალაგებს. ეს გამოსახულებები რთულია, დეტალებით გადატვირთული, განყენებულ სივრცეში აღმოცენებული და პირობითი, მაგრამ ამავდროულად ადვილად აღსაქმელის ილუზიასაც ქმნის. საკმარისია დაკვირვებით შეხედოს დამთვალიერებელმა და მაშინვე გააცნობიერებს რთულ სურათთან შეჯახების ფაქტს, რომელიც მრავალ თავსატეხს გულისხმობს.
სხეული, რომელიც დაუნდობლად არის გადაჭრილი ლურსმნებიანი ჩანართით, ალუზიაა მან რეის „საჩუქარზე“, როგორც მინიშნებაა იმ პრობლემაზე, როცა ერთი შეხედვით უწყინარი, ყოველდღიური რუტინა შეიძლება ძალადობრივსა და აგრესიულს ფარავდეს. ინტერესი ძვლის სტრუქტურის, ბიოლოგიური ქსოვილებისა და სხვადასხვა ფიზიკური მდგომარეობებისადმი ფორმის დესტრუქციულ თამაშებში ვითარდება, რაც განსაკუთრებით აახლოებს ამ მხატვრის ხედვას უახლეს ტენდენციებთან, მხატვრების ახალ თაობასთან, ვისთვისაც იგივე თემები ახალი კონტექსტების ფონზე აქტიურდება და ახალ ამოცანებად ჩანს.
TAF – ის საკმაოდ ჭრელსა და კონტრასტულ სურათში ამის დანახვა რთული არ იყო. საკუთარი გზის მაძიებელი ახალგაზრდა მხატვრების ექსპერიმენტების პარალელურად მნიშვნელოვანია ისეთი გამოცდილების არსებობა, როცა უკვე ისტორიად ქცეული მხატვარი აღიარებული ხელოვანის საკუთარ თავში დარწმუნებული გულახდილობით ჰყვება იმ თვითკმარი სიცოცხლისა და სისავსის შესახებ, რომლითაც ცხოვრობს, ტკბება საკუთარი ავტონომიური სივრცით, რომლის მიღმა არსებული ყველა მოვლენა უმნიშვნელო ხდება.
ხათუნა ხაბულიანი
24 მაისი, 2026
ამირ კაკაბაძის სიმბოლისტურ, ჩემთვის უდაოდ მისტიკურ და მრავალფეროვან ხელოვნებასთან შეხება წიგნზე მუშაობის პროცესში მომიწია შარშან — და ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო.
წიგნი გამოვიდა მართლაც არაჩვეულებრივი, უკვე მზად არის ბეჭდვისთვის და იმედი მაქვს, საზოგადოება მალე იხილავს ამ პუბლიკაციას, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება ამირ კაკაბაძის ხელოვნებაზე აქამდე გამოცემული წიგნებისგან.
წიგნზე მუშაობის პროცესში დაიბადა იდეაც შექმნილიყო მხატვრის ექსკლუზიური სასაჩუქრე ხაზი, რომლის მცირე ნაწილი წარმოდგენილი იყო წლევანდელ TAF-ზე, დავით კაკაბაძის ფონდის სტენდზე. პირველი წარდგენა ლოგოს სახით მოხდა.
ეს აბსტრაქტული და განსაკუთრებული სიმბოლო ამირის ერთ-ერთი გრაფიკული ნამუშევრიდანაა აღებული.
ფერებიც — ღრმა, მისტიკური მწვანის გრადაციები, ოქრო, ღრმა ვარდისფერი — მთლიანად მისი ხელოვნებით არის ინსპირირებული.
წელს ამირის იუბილეა და გვინდა რომ ამ სასაჩუქრე ხაზმა, რომელსაც დავარქვი ‘მეხსიერების კაფსულა’, დაუვიწყარი გახადოს მისი ხელოვნება თითოეული ადამიანისთვის.
მანანა არაბული
















